logo_geo
თოვლისა და ყინულის ფესტივალი - ზამთრის ულამაზესი სანახაობა ჰარბინში!
- +

8 იანვარი. 2017. 13:02


 

ყოველწლიურად ზამთრის პერიოდში, ჩინეთის ჩრდილოეთში არსებულ ქალაქ ჰარბინში, ყინულის ფესტივალი ტარდება. ათასობით ყინულის სკულპტურის ოსტატი და არტისტი იყრის თავს ერთად, რათა მსოფლიოში ყველაზე შთამბეჭდავი და განსაკუთრებული სანახაობა შექმნან.


ჰარბინის ინტერნაციონალური ყინულისა და თოვლის სკულპტურის ფესტივალი, მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ყინულის ფესტივალია, რომელიც სათავეს ჯერ კიდევ 1963 წლიდან იღებს. ამ პერიოდში, ჰარბინში ყინულის ფარნების ფესტივალი და ბაღის წვეულება იმართებოდა. 1985 წლის 5 იანვარს, ამ ყველაფერს ზაოლინის პარკის ღონისძიებაც დაემატა, სადაც პირველად იქნა წარმოდგენილი ყინულისა და თოვლის სკულპტურები. დროთა განმავლობაში კი, ეს ყველაფერი ისეთ ექსტრავაგანტულ სანახაობად გადაიქცა როგორიც დღესაა.



როგორც წესი, ჰარბინის ყინულის ფესტივალი 5 იანვრიდან იწყება და 5 თებერვალს მთავრდება. თუმცა ხშირად, ეს ერთთვიანი ფესტივალი მარტამდეც გაგრძელებულა. ქალაქი ჰარბინი ციმბირთან ძალიან ახლოსაა და შესაბამისად, არქტიკული კლიმატი, რომლის წყალობითაც ამ პერიოდში ტემპერატურა -35 გრადუსამდე ეცემა, იძლევა საშუალებას, რომ საოცარმა ყინულის მონუმენტებმა დიდხანს შეინარჩუნონ ფორმა. სკულპტურებისთვის ყინულის ბლოკები, გაყინული მდინარე სონგჰუადან მოაქვთ. სწორედ ამ მდინარის გარშემო იმართება ეს საოცარი ფესტივალი.


თავდაპირველად, ფესტივალზე მომუშავე არტისტები მხოლოდ ჩინელები იყვნენ, თუმცა შემდეგ ამ ფესტივალმა ინტერნაციონალური სახე მიიღო და ახლა მას მსოფლიოში ყველაზე გამოცდილი ოსტატები ქმნიან. ისინი, შენობებისა და მონუმენტების ასაშენებლად სხვადასხვა არქიტექტურულ სტილს იყენებენ და სწორედ ამიტომაა ეს სანახაობა ასეთი მრავალფეროვანი.


ყინულზე მომუშავე ხელოვანები, ყინულის ბლოკებს ელექტრო ხერხით ამუშავებენ და ერთმანეთზე წყლის საშუალებით აკრავენ. აშენებული ნაგებობის კიდევ უფრო გასალამაზებლად კი მულტიფერად განათებას იყენებენ, რაც ამ ნაგებობებს ღამით ამშვენებს და ზღაპრულ ეფექტს სძენს.



განსაკუთრებული იყო 2007 წელს ჩატარებული ფესტივალი, რომელიც კანადურ თემატიკაზე იყო დაფუძნებული. ფესტივალი კანადელ ექიმს, დოქტორ ნორმან ბეთიუნს ეძღვნებოდა და გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც უდიდესი თოვლის სკულპტურა. კომპოზიცია ორი ნაწილისგან შედგებოდა-„ნიაგარას ჩანჩქერი" და „ბერინგის სრუტის გადალახვა" , რაც თავის მხრივ პირველი მოსახლეების მიგრაციას ასახავდა. ეს ყველაფერი 250 მეტრის სიგრძის იყო და მის ასაშენებლად 13 000 კუბური მეტრი თოვლი გამოიყენეს.



ჰარბინის ინტერნაციონალური ყინულისა და თოვლის სკულპტურის ფესტივალი გამორჩეული არამხოლოდ თავისი დიდებული და განსაკუთრებული ნაგებობებითაა, არამედ აქ მნახველს შეუძლია უამრავი აქტივობით დაკავდეს. თხილამურებით სრიალი, გამოფენები, ზამთრის ცურვა, თევზაობა, საქორწინო ცერემონიები, ყინულის პორტი, კონცერტები - ეს იმ ღონისძიებათა მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ფესტივალი თავის მნახველს სთავაზობს.



 

წყარო: metra.ge

 

 

 

 

 

big_banner
არქივი