logo_geo
ტუნისში ჟურნალისტმა თავი დაიწვა
- +

26 დეკემბერი. 2018. 11:15

ტუნისში რევოლუციის მოწოდებით ჟურნალისტმა თავი დაიწვა, რასაც აფრიკულ სახელმწიფოში დემონსტრაციების ტალღა მოჰყვა.

 

კასერინის პროვინციის პატარა ქალაქში მცხოვრებმა აბდერაზაკ ზორგუმ თავის დაწვამდე ვიდეოჩანაწერი გააკეთა, რომელშიც მოსახლეობას ქვეყანაში არსებული სიღარიბის, უმუშევრობისა და კორუფციის წინააღმდეგ გალაშქრებისკენ მოუწოდებდა.

 

„კასერინის შვილებისთვის, რომლებსაც არსებობის საშუალება არ აქვთ, დღეს მე რევოლუციას ვიწყებ. მე თავს დავიწვავ“, – ასეთი განცხადება გააკეთა ტრაგედიამდე ჩაწერილ ვიდეოში ჟურნალისტმა. ის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

 

ახალგაზრდა ჟურნალისტის სიკვდილმა აფრიკულ სახელმწიფოში დემონსტრაციების ტალღა გამოიწვია. აქტივისტები ტუნისში არსებული პირობების გაუმჯობესებისთვის აქციებს მართავენ. რამდენიმე ქალაქში ახალგაზრდებმა ქუჩები გადაკეტეს და სხვადასხვა საგნებს ცეცხლს უკიდებდნენ.

 

სამართალდამცველებმა ვითარების გასანეიტრალებლად რამდენჯერმე გამოიყენეს ცრემლსადენი აირი. არეულობის დროს ექვსი პოლიციელი დაშავდა. ხელისუფლებამ კასერინის პროვინციაში ვითარების გასაკონტროლებლად სამართალდამცავი ორგანოების დამატებითი წარმომადგენლები გაგზავნა.

 

აღსანიშნავია, რომ არაბული გაზაფხულის სახელით ცნობილი დემონსტრაციების ტალღა, რომელმაც რამდენიმე წლის წინ თითქმის მთელი ახლო აღმოსავლეთი მოიცვა, სწორედ ტუნისში დაიწყო. რვა წლის წინ ქუჩის მოვაჭრე მოჰამედ ბუაზიზიმ რთული საცხოვრებელი პირობების გასაპროტესტებლად თავი დაიწვა. მოვაჭრის გარდაცვალებას ჯერ ტუნისში, შემდეგ კი სხვა არაბულ ქვეყნებში მასშტაბური დემონსტრაციების და გადატრილების ტალღა მოჰყვა.

 

არაბული გაზაფხულის შემდეგ ტუნისში მმართველობა შეიცვალა, თუმცა ჩრდილოეთ აფრიკის სახელმწიფო დღემდე განიცდის რთულ ეკონომიკურ პირობებს. ქვეყანაში კორუფცია და უმუშევრობის მაღალი დონე კვლავ სერიოზული გამოწვევაა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი