logo_geo
მიანმარში საპროტესტო აქციებს კიდევ 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
- +

27 მარტი. 2021. 11:59

 

 

„მიანმარის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა საპროტესტო აქციების კიდევ 16 მონაწილე მოკლეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას მედია საშუალებები თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებენ. მათივე ინფორმაციით, მომიტინგეები, რომლებიც 1-ელი თებერვლის სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებენ, დღეს იანგონში, მანდალაისა და სხვა ქალაქების ქუჩებში გამოვიდნენ.

 

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის გენერლები დღეს „შეიარაღებული ძალების დღეს“ აღნიშნავენ. ამ დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ სატელევიზიო მიმართვაში სამხედრო გენერალმა მინ ან ჰლაინმა განაცხადა, რომ სამხედროები ქვეყანაში დემოკრატიას და ადამიანებს იცავენ და მშვიდობიანობის აღდგენას ცდილობენ. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები ჩატარდება, თუმცა არჩევნების ჩატარების თარიღი არ დაუსახელებია.

 

აქტივისტების ჯგუფი პოლიტპატიმრების დახმარების ასოციაცია (AAPP) აცხადებს, რომ მიანმარში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს მინიმუმ 328 ადამიანია მოკლული.

 

ცნობისათვის, აშშ-მა და ევროკავშირმა მიანმარში სამხედრო გადატრიალებასთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესეს. ევროკავშირმა სამხედრო გენერალს, მინ ან ჰლაინს, 9 სამხედრო ოფიცერსა და საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს აქტივები გაუყინა და სავიზო შეზღუდვები დაუწესა.

 

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა კი სანქციები დაუწესა მიანმარის პოლიციის უფროსსა და არმიის სპეციალური ოპერაციების ხელმძღვანელს. მათი განცხადებით, ისინი პასუხისმგებლები იყვნენ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე, რასაც ლეტალური შედეგები მოჰყვა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი