logo_geo
საფრანგეთში მოსახლეობის მასშტაბური ვაქცინაციისთვის იმუნიზაციის 35 ცენტრი გაიხსნა
- +

6 აპრილი. 2021. 17:41

 

საფრანგეთში მოსახლეობის მასშტაბური ვაქცინაციისთვის 35 ე.წ. ვაქციდრომი, ანუ იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა. ერთ-ერთი ასეთი ცენტრი „სტად დე ფრანსის“ მოედანზე მოეწყო, სადაც ყოველკვირეულად 10 ათასამდე მოქალაქის ვაქცინაცია იქნება შესაძლებელი.

 

კიდევ ერთი იმუნიზაციის ცენტრი, მარსელში სტადიონ „ველოდრომზე“ გაიხსნა. საერთო ჯამში, ხელისუფლება, ე.წ. ვაქციდრომების საშუალებით, ყოველკვირეულად 1.5 მილიონი ადამიანის იმუნიზაციას ისახავს მიზნად.

 

ხელისუფლებაში იმედოვნებენ, რომ ვაქცინაციის აქტიური კამპანიის საშუალებით, მაისისთვის ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან უკვე მესამედ ამოქმედებული კარანტინის გაუქმებას შეძლებენ.

 

შემზღუდველი ზომები საფრანგეთში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსებულ პაციენტთა მზარდი რიცხვის გამო, 4 კვირის ვადით, შაბათს ამოქმედდა.

 

მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, სკოლებში სწავლა შეწყდა, დაიხურა ყველა სავაჭრო ცენტრი, რომელიც პირველადი მოხმარების პროდუქციის რეალიზაციას არ აწარმოებს და დაწესდა კომენდანტის საათი, რომელიც 19:00 საათიდან 6:00 საათამდე მოქმედებს.

 

საფრანგეთში „კოვიდ-19“-ი 4.89 მილიონს ადამიანს აქვს დადასტურებული, ვირუსს ჯამში 97 000 ადამიანი ემსხვერპლა.

 

https://1tv.ge/news/safrangetshi-mosakhleobis-masshtaburi-vaqcinaciistvis-imunizaciis-35-centri-gaikhsna/

 

big_banner
არქივი