ბრიტანეთის პრინცი ჰარი „ტელეგრაფისთვის" მიცემულ ვრცელ ინტერვიუში დედის, პრინცესა დაიანას გარდაცვალების შემდეგ არსებულ ფსიქოლოგიურ პრობლემებზე საუბრობს.
„დედა გარდაიცვალა, როდესაც 12 წლის ვიყავი და მომდევნო 20 წლის განმავლობაში ყველანაირი გრძნობა და ემოცია ჩემს თავში ჩავიკალი. ამ ყველაფერმა დიდი გავლენა მოახდინა როგორც ჩემს პირად ცხოვრებაზე, ასევ ჩემს საქმიანობაზე. ამ დიდ განსაცდელს ასე ვუმკლავდებოდი - თავი ქვიშაში მქონდა ჩარგული და დედაჩემზე ფიქრს ვუკრძალავდი საკუთარ თავს იმ მოსაზრებით, რომ ეს მაინც ვერაფერს შეცვლიდა, დედას ვერაფერი დამიბრუნებდა",- განაცხადა პრინცმა ჰარიმ.
მისივე თქმით, უფროსი ძმა უილიამი ძალიან დაეხმარა პრობლემის აღქმაში.
„ამ ყველაფერში უნდა გაერკვიო. არ არის ნორმალური, თუ გგონია, რომ დედის გარდაცვალებამ შენზე არ იმოქმედა, მითხრა ჩემმა ძმამ.
ამის შემდეგ ვსაუბრობდი ამ თემაზე და ის ტკივილი, რომელსაც არასოდეს ვაღიარებდი, პირველ პლანზე გადმოვიდა და მივხვდი, რომ საკუთარ თავთან ძალიან ბევრი რამ მქონდა გასარკვევი", - ამბობს პრინცი.
სამეფო ოჯახის წევრი მისი ცხოვრების იმ პერიოდს „ორ წლიან ქაოსს" უწოდებს.
მისივე თქმით, მდგომარეობიდან გამოსვლაში ასევე დაეხმარა კრივით ვარჯიში.
„ამან ნამდვილად გადამარჩინა, რადგან ზღვარზე ვიყავი - მინდოდა, დამერტყა ვინმესთვის",- აცხადებს ჰარი.
პრინცესა დაიანა 1997 წლის აგვისტოში ავტოკატასტროფაში დაიღუპა.