logo_geo
ბავშვი სამი პენისით დაიბადა — პირველი სამედიცინო შემთხვევა მსოფლიოში
- +

13 აპრილი. 2021. 15:01

 

 

სამი პენისით დაბადებული ბიჭი ტრიფალიის პირველი აღრიცხული შემთხვევაა ადამიანებში; ეს გახლავთ მდგომარეობა, რომელშიც ემბრიონული განვითარების ეტაპზე ყალიბდება სამი ფალოსი.

 

ბავშვი ერაყის ქალაქ დაჰუკში დაიბადა და ექიმებმა ის პირველად სამი თვის ასაკში ნახეს. ქირურგიული ჩარევის შედეგად ბავშვს ორი ფალოსი მოაცილეს; ისინი პატარა გამონაზარდები იყო პენისისა და სათესლე პარკის ფუძესთან. მესამე ფალოსი ჩვეულ ადგილას იყო.

 

ამ შემთხვევის შესახებ კვლევა ნოემბერში გამოქვეყნდა  International Journal of Surgery Case Reports-ში; როგორც მკვლევრები წერენ, ქირურგიული ჩარევიდან ერთი წლის შემდეგ ექიმთან ვიზიტისას, ბავშვის მდგომარეობა უკვე სრულიად დამაკმაყოფილებელი იყო.

 

მკვლევართა განცხადებით, დამატებითი პენისები იშვიათი თანდაყოლილი მდგომარეობაა და 5-6 მილიონ ახალშობილში ერთი შემთხვევა ფიქსირდება.

 

დამატებითი ფალოსების განვითარების დონე სხვადასხვა ინდივიდში სხვადასხვაგვარია. ერაყელი ბავშვის შემთხვევაში, ორი დამატებითი პენისი ერექციულ ქსოვილს შეიცავდა (უწოდებენ მღვიმოვან სხეულს), რომელიც აღგზნების დროს სისხლით ივსება; შეიცავდა ღრუბლისებრ სხეულსაც, რაც ხელს უწყობს შარდსაწვეთის შენარჩუნებას — მილის, რომელშიც შარდი გაივლის.

 

თუმცა, დამატებით პენისებს შარდსაწვეთები არ ჰქონდა და ამის გამო, ქირურგიული ჩარევით მათი მოკვეთა გაადვილდა.

 

სენტ-ლუისის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ანატომიის პროფესორის, ჯონ მარტინის განცხადებით, რომელიც ამ შემთხვევის კვლევაში ჩართული არ ყოფილა, ბევრი არაფერი ვიცით იმის შესახებ, რატომ ვითარდება დამატებითი პენისები.

 

მარტინი და მისი კოლეგები ანატომიას სხეულის დონაციის პროგრამის გამოყენებით ასწავლიან; ერთხელაც მათ აღმოაჩინეს, რომ სხეულის ერთ-ერთ დონორს დიფალია, ანუ ორი პენისი ჰქონდა. 84 წლის ასაკში გარდაცვლილ მამაკაცს სრული ზომის ორი პენისი ჰქონდა; მათ შუაში და ძირში მდებარეობდა შარდსაწვეთის გამოსავალი ხვრელი.

 

სხეულის დონაციის ფორმაში დონორი ამ მდგომარეობის შესახებ არაფერს ახსენებდა. მარტინის განცხადებით, ჰყავდა ორი შვილი, მაგრამ მკვლევრებმა არ იციან, იყვნენ თუ არა ისინი ბიოლოგიური შვილები ან დასჭირდა თუ არა მას ბავშვების ჩასახვისთვის რაიმე სახის რეპროდუქციული ტექნოლოგიის გამოყენება.

 

„ის 2000-იანი წლების დასაწყისში გარდაიცვალა, შესაბამისად, მის ბავშვობაში ალბათ ქირურგია გამოსავალი არ იყო“, — ამბობს მარტინი.

 

მან და მისმა კოლეგებმა დონორის სხეულს გენეტიკური ტესტირება ჩაუტარეს, რითაც ამ უჩვეულო შემთხვევის მიზეზის გარკვევა სცადეს. იმ გენებში, რომლებიც გენიტალიების განვითარებაზეა პასუხისმგებელი, მათ რამდენიმე მუტაცია აღმოაჩინეს; მათ შორის იმ გენშიც, რომელიც ემბრიონულ უჯრედებში პასუხისმგებელია თმის მსგავსი სტრუქტურების, ე. წ. წამწამების წარმოქმნაზე.

 

როგორც მარტინი აღნიშნავს, ეს წამწამები განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი კონკრეტული მიმართულებებით ირხევიან და განვითარების პროცესში მყოფ ემბრიონში ცილებს სხვადასხვა მხარეს მიმართავენ.

 

მისი განცხადებით, წამწამების გენებში პათოლოგიები დაფიქსირებულია თანდაყოლილი პათოლოგიების სხვა შემთხვევებშიც, მაგალითად, შინაგან ორგანითა ტრანსპოზიციაში, ანუ სარკისებურ განლაგებაში, როდესაც გული მარჯვნივ არის, ღვიძლი მარცხნივ და ა. შ.

 

მკვლევრებმა მუტაციები აღმოაჩინეს იმ გენებშიც, რომლებიც განვითარების პროცესში სხვა გენების აქტივობის რეგულირებას ეხმარება; მუტაციები შეინიშნებოდა იმ გენებშიც, რომლებიც ჩართულია ანდროგენებში — ჰორმონებში, რომლებსაც მასკულინიზებელი გავლენა აქვს და რომლებიც ჩართულია გენიტალიების განვითარებაში.

 

მარტინის განცხადებით, გენიტალიების განვითარებასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ გენს sonic hedgehog-ს უწოდებენ და ის ემბრიონული განვითარების დროს ხელს უწყობს მთელი სხეულის ზრდას.

 

უცნობია, რამდენად მსგავსია გენეტიკა დიფალიის სხვადასხვა შემთხვევებში ან რამდენად შესაძლებელია, რომ იგივე გენეტიკური პროცესები იყოს ჩართული ტრიფალიის შემთხვევაშიც.

 

ერაყელი ბიჭის მკურნალმა ექიმებმა მისი ოჯახის ისტორიასა და სამედიცინო ისტორიაში ვერაფერი ისეთი იპოვეს, მაგალითად, მედიკამენტების ან ქიმიური ნივთიერებების მიღება ორსულობისას, რასაც კიდევ შეეძლო აეხსნა თანდაყოლილი პათოლოგია.

 

სხვა მხრივ ბავშვი სრულიად ჯანმრთელი იყო, თუ არ ჩავთვლით გარკვეული სითხის დაგროვებას სათესლე პარკში, რაც ბავშვებში საკმაოდ ხშირია და ადვილად იკურნება.

 

შემთხვევის შესახებ კვლევა International Journal of Surgery Case Reports-ში გამოქვეყნდა.

 

მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.

 

ავტორი - მიხეილ ჭაბუკაშვილი

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი