logo_geo
დიდი ბრიტანეთი ავღანეთიდან ჯარებს სრულად გაიყვანს
- +

14 აპრილი. 2021. 11:17

 

 

დიდი ბრიტანეთი ავღანეთიდან სამხედრო დანაყოფებს თითქმის სრული შემადგენლობით გაიყვანს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ამ დროისთვის ავღანეთში 750 ბრიტანელი ჯარისკაცი იმყოფება. მათ გაუჭირდებათ ამერიკელი სამხედროების გარეშე, რადგან ისინი აშშ-ის ბაზაზე იმყოფებიან და მათ ინფრასტრუქტურას იყენებენ. ქაბულის სამხედრო აკადემიაზე კონტროლს, სადაც ბრიტანელები ავღანელ სამხედროებს წვრთნიან, ისინი ავღანეთის ხელისუფლებას გადასცემენ.

 

თალიბები ავღანეთიდან საერთაშორისო ჯარების ბოლომდე გაყვანამდე მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ. ავღანეთის საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენცია სტამბულში 24 აპრილიდან 3 მაისამდე არის დაგეგმილი. მასში ავღანეთის ხელისუფლებისა და თალიბების წარმომადგენლებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა.

 

ამერიკული მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ავღანეთიდან აშშ-ის ყველა ძალის გაყვანას 2021 წლის 11 სექტემბრამდე გეგმავს.

 

ავღანეთიდან აშშ-ის სამხედროების გაყვანის შესახებ ინიციატივა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ეკუთვნის. 2020 წლის 29 თებერვალს დოჰაში აშშ-სა და „თალიბების" ლიდერებს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, აშშ-მა და მისმა კოალიციურმა მოკავშირეებმა 14 თვის განმავლობაში ავღანეთიდან გასვლის პასუხისმგებლობა აიღეს, სანაცვლოდ „თალიბებმა" პირობა დადეს, რომ ავღანეთის ტერიტორიაზე აშშ-ისა და მისი მოკავშირეებისთვის საფრთხის შემცველ მოქმედებებს არ განახორციელებდნენ.

 

შეთანხმება ავღანეთის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შეწყვეტას და სამშვიდობო მოლაპარაკებებს ითვალისწინებს, რამაც ავღანეთის 20 ლიან ომსა და დაპირისპირებას უნდა დაუსვას წერტილი. ამ დროისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. 19 მარტს ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და „თალიბები“ მოლაპარაკებების დაჩქარებაზე შეთანხმდნენ. შეხვედრა მოსკოვში გაიმართა, სადაცა ავღანეთის სამშვიდობო პროცესის განახლების მიზნით სამიტს რუსეთმა უმასპინძლა. სამიტში აშშ-ც მონაწილეობდა, რაც სამშვიდობო პროცესის განმავლობაში პირველი მსგავსი ძალისხმევა იყო.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი