logo_geo
პუერტო-რიკოელმა მოკრივემ ორსული საყვარელი მოკლა
- +

4 მაისი. 2021. 11:27

 

პუერტო-რიკოელ მოკრივეს ფელიქს ვერდეხოს, ორსული საყვარლის მკვლელობაში ედება ბრალი.

 

27 წლის კეიშლი როდრიგესი სამსახურში ბოლოს 29 აპრილს იყო, ამ დღეს ეკონტაქტა ის უკანასკნელად დედასაც. ორი დღის შემდეგ კი, ქალის ცხედარი სან-ხუანის მახლობლად მდებარე ლაგუნაში აღმოაჩინეს. როდრიგესი 2 თვის ორსული იყო და ფელიქს ვერდეხოსთვის ორსულობის ტესტის შედეგების ჩვენებას აპირებდა. მათი შეხვედრა სწორედ 29 აპრილს უნდა შემდგარიყო.

 

ვერდეხო დაქორწინებულია და მცირეწლოვანი გოგო ჰყავს, მაგრამ როდრიგესს სკოლიდან იცნობდა და მასთან კავშირი არ გაუწყვიტავს.

 

„ის მას ადრეც ემუქრებოდა, რომ არ გაეჩინა და აბორტი გაეკეთებინა, რადგან მას ოჯახი ჰყავს, მოკრივეა და საზოგადო მოღვაწე“, - განაცხადა მოკლული ქალის დედამ, ორტიზ რივერამ.

 

2 მაისს ვერდეხო პოლიციას ჩაბარდა, მას ბრალი წაუყენეს როდრიგესის მოტაცებასა და მკვლელობაში. უცხოური მედიის ინფორმაციით, მკვლელობამდე მოკრივემ ქალს სახეში რამდენჯერმე დაარტყა, შემდეგ კი შპრიცით დაუდგენელი ნივთიერება გაუკეთა. შემდეგ შეუკრა ხელ-ფეხი, სიმძიმე მოაბა და ხიდიდან გადააგდო.

 

როდრიგესის მკვლელობამ პუერტო-რიკოში საპროტესტო აქციები გამოიწვია. მწვავე საპროტესტო ტალღა მოყვა მომხდარს სოციალურ ქსელშიც. ასეულობით ადამიანი შეიკრიბა 2 მაისს იმ ხიდზე, რომლის მახლობლადაც ახალგაზრდა ქალის ცხედარი იქნა ნაპოვნი, მათ ქალთა მკვლელობა დაგმეს და როდრიგესის და სხვა ქალების მკვლელობაში დამნაშავეების დასჯა მოითხოვეს.

 

ფელიქს ვერდეხო პუერტო-რიკოს წარმოადგენდა 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ლონდონში და ის მეოთხედფინალში უკრაინელ მოკრივესთან დამარცხდა. პროფესიონალურ კრივში ვერდეხოს სტატისტიკა 27-2-ზეა, მათ შორის 17 ნოკაუტი.

big_banner
არქივი