logo_geo
Facebook დამატებული რეალობის ღია პლატფორმას ქმნის
- +

21 აპრილი. 2017. 21:49



 ხოსეში, კალიფორნიაში, facebook- ის ყოველწლიურმა კონფერენციამ, F8, აიღო სტარტი. ღონისძიებაზე facebook-ი და მისი პარტნიორები ახალ პროდუქტებს წარმოგვიდგენენ.


გუშინდელ გამოსვლაში, facebook-ის დამაარსებელმა, მარკ ცუკერბერგმა, დამატებული რეალობის მნიშვნელობაზე, განვითარებასა და პერსპექტივებზე ისაუბრა.


მისი თქმით, როცა ყველას ეგონა, რომ facebook-მა სნეპჩეთს კამერის ფილტრები მოჰპარა, სინამდვილეში ეს პირველი ნაბიჯი იყო დამატებული რეალობის პლატფორმის შექმნისა და განვითარებისკენ.


„დამატებული რეალობის პლატფორმა, რომელიც მეინსტრიმული გახდება და ყველა გამოიყენებს - არა სათვალე ან ჩაფხუტი, არამედ კამერა იქნება. კამერა, რომელიც ყველა ჩვენგანს აქვს სმარტფონზე" , -ამბობს ცუკერბერგი.


იგი ამბობს, რომ სხვა აპები (მაგალითად, სნეპჩეთი), დამატებული რეალობის შექმნის ინსტრუმენტებს თავისთვის ინახავდნენ, ხოლო facebook-ი ამ ხელსაწყოებს ყველასთვის გახსნის.





„ჩემი აზრით, ღია პლატფორმა იქნება ის, რაც ამ სფეროს წინ საგრძნობლად წასწევს. ღია პლატფორმაზე ყველა დეველოპერი იმუშავებს, ამიტომ ათი და ოცის ნაცვლად ათასობით ფილტრი გვექნება", -ამბობს ცუკერბერგი.

 

AR პლატფორმის დახურულ ბეტაზე წვდომის მოთხოვნა დეველოპერებს უკვე შეუძლიათ.

 

პლატფორმა დეველოპერებს საშუალებას მისცემს გამოიყენონ ობიექტის ამოცნობის, სიღრმის ამოცნობისა და ზუსტ ლოკაციაზე მიბმის ფუნქციები.

 

 

პლატფორმის საშუალებით facebook- ის კამერა საგნების ამოცნობას და მათზე შესაბამისი ეფექტების დადებას შეძლებს. მაგალითად, კამერა აღიქვამს ყავის ჭიქას, რის შემდეგაც რელევანტურ ეფექტებს გამოაჩენს, ზვიგენებს, რომლებიც მასში იცურებენ ან ჩანჩქერს, რომელიც ამ ჭიქიდან გადმოდის.






 

ცუკერბერგი დამატებული რეალობის განვითარებას სამი მიმართულებით ხედავს:

 

ინფორმაციის დამატება ობიექტებზე. მაგალითად, ქუჩებზე დაემატება მიმართულებები და გზამკვლევები. რესტორნებში დაემატება საკვების შეფასებები და ა.შ.

 

ახალი ვირტუალური ობიექტების დატანა ფიზიკურ საგნებზე. მაგალითად, ჭადრაკის დაფაზე ფიგურების დამატება.

 

არსებული საგნების, შენობების და ა.შ. დამატებითი ეფექტებით გამდიდრება. მაგალითად, თქვენს სახლს დაადებთ სასახლის ეფექტს და თქვენი სტუმრები კამერაში გახედვისას თქვენი სახლის მაგივრად ციხესიმაგრეს დაინახავენ.

 

დეველოპერებს მათ მიერ შექმნილი დამატებული რეალობის ეფექტების გამოძახება სამი გზით შეეძლებათ:

 

სახის აღქმა (მაგრამ არა ამოცნობა და იდენტობის დადგენა) - ამ დროს კამერა აღიქვამს სახის კონტურებს და მასზე ფილტრის ან ობიექტის დადების საშუალება იქმნება.

 

სენსორული მონაცემები. მაგალითად, „ლოკაციის“ აღქმა. - ამ დროს, როგორც ზემოთ აღინიშნა, შეიძლება სპეციფიკური ინფორმაციის ან ობიექტების დამატება კონკრეტულ ადგილებზე.

 

API-ები, რომელთა საშუალებითაც სხვა აპლიკაციების მონაცემებს წამოიღებს და მომხმარებლისგან შემოსულ ინფორმაციას შესაბამისად უპასუხებს.

 

მაგალითად, პლატფორმის პირველი პარტნიორები ასეთი ტიპის გამოცდილებას გვთავაზობენ:

 

„მანჩესტერ იუნაიტედი“, თქვენს ფოტოებს, "გოოოოოლ" წარწერას, მატჩის ანგარიშსა და გულშემატკივრების ხმას დაადებს.

 

„ნაიკი“ თავისი მანჟეტებიდან თქვენ მიერ დაფარული დისტანციის შესახებ აიღებს ინფორმაციას და ყველა მონაცემს ფოტოზე გამოიტანს, მარშრუტს, სისწრაფეს და ა.შ.

 

EA თამაში Mass Effect- ის ნიღაბს გაგიკეთებთ, თამაშის პროფილიდან მონაცემებს წამოიღებს და ფოტოზე გამოსახავს.

 

 

ცუკერბერგი და facebook-ი დამატებული რეალობის ტექნოლოგიას საყოველთაოდ დანერგვას აპირებენ. კომპანიაში თვლიან, რომ ვირტუალური და დამატებული რელობა კომუნიკაციის ახალი და საინტერესო გზაა, რომელიც აუცილებლად გახდება მასობრივი.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი