logo_geo
ირანში ბიტკოინების მოპოვება ოთხი თვით აკრძალეს
- +

30 მაისი. 2021. 23:57

 

 

„ბიბისის“ ინფორმაციით, გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყნის რამდენიმე ქალაქში ელექტროენერგია გაითიშა.

 

როგორც ირანის პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, ელექტროენერგიის გათიშვის მთავარი მიზეზი გვალვაა, რაც ჰიდროელექტროსადგურების მუშაობაზე აისახა.

 

ამავე დროს, ჰასან რუჰანიმ განაცხადა, რომ კრიპტოვალუტების უკანონოდ მოპოვებაზე (მაინინგი), ყოველდღიურად 2 გიგავატი ელექტროენერგია იხარჯება.

 

„ბიბისის“ ცნობით, მსოფლიოში არსებული ბიტკოინების 4,5 პროცენტი ირანში მოიპოვება.

 

ამასთან, როგორც ანალიტიკური კომპანია „ელიპტიკი“ იუწყება, კრიპტოვალუტები საშუალებას აძლევს ირანს, გვერდი აუაროს ეკონომიკურ სანქციებს და ასობით მილიონი გამოიმუშავოს.

 

„ელიპტიკის“ ცნობით, ირანის ხელისუფლებამ კრიპტოვალუტების მოპოვება 2019 წლიდან ოფიციალურად დააკანონა, შემდეგ კი, კრიპტოვალუტების მოპოვებაში ჩართულ მოქალაქეებს რეგისტრაცია, ელექტროენერგიის მაღალი ტარიფით სარგებლობა და მათ მიერ მოპოვებული ბიტკოინების ირანის ცენტრალური ბანკისთვის მიყიდვა დაავალდებულა.

 

ირანის მთავრობაში განაცხადეს, რომ ელექტროენერგიის დეფიციტის გამო, ლიცენზირებულმა მაინერებმა ნებაყოფლობით შეწყვიტეს კრიპტოვალუტების მოპოვება.

 

თუმცა, როგორ ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, ბიტკოინების მოპოვებაში უკანონოდ ჩართული მოქალაქეები მაინც განაგრძობენ საქმიანობას და 7-ჯერ მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ, რის გამოც ირანის მთავრობამ კრიპტოვალუტების მაინინგი სექტემბრამდე აკრძალა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი