დანიის ნაკრების ფეხბურთელს, კრისტიან ერიქსენს, რომელსაც „ევრო2020“-ზე ფინეთთან მატჩის დროს გული გაუჩერდა, კარდიოვერტერ-დეფიბრილატორს ჩაუდგამენ. ამის შესახებ ინფორმაციას დანიის ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფეხბურთელმა ადგილობრივ და საერთაშორისო სპეციალისტებთან კონსულტაციების შემდეგ ოპერაციაზე თანხმობა განაცხადა.
კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი უეცარი კარდიული სიკვდილისგან დაცვის ეფექტური საშუალებაა.
„ევრო 2020“-ის რიგით მე-3 მატჩში დანია ფინეთს მასპინძლობდა, როცა პირველი ტაიმის მიწურულს გაურკვეველი ინციდენტი მოხდა და დანიის ფეხბურთელი კრისტიან ერიქსენი მიწაზე დაეცა. ის, ამ დრომდე, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.