logo_geo
შარლ მიშელი: ბელარუსის ხელისუფლება არალეგალურ მიგრაციას იყენებს ევროკავშირზე, მათ შორის ლიეტუვაზე, ზეწოლის განსახორციელებლად
- +

6 ივლისი. 2021. 00:36

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი გმობს ბელარუსის ხელისუფლების ქმედებას, რომლითაც ის ლიეტუვაში არალეგალი მიგრანტების გადასვლას ხელს უწყობს.

 

„ევროპულ საბჭოში ჩემი კოლეგები მკაფიოდ აცხადებენ, რომ ბელარუსის ხელისუფლება არალეგალურ მიგრაციას იყენებს ევროკავშირზე, მათ შორის ლიეტუვაზე, ზეწოლის განსახორციელებლად. ევროკავშირი ერთხმად გმობს მიგრანტების გამოყენებით განხორციელებულ ზეწოლას. მინდა გამოვხატო ევროკავშირის სოლიდარობა“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

 

3 ივლისს ბელარუსის მხრიდან მიგრანტების ნაკადის ზრდის გამო, ლიეტუვის მთავრობამ ქვეყნის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრმა, აგნე ბილოტაიტემ განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის შემოღება არა გაზრდილ საფრთხეს, არამედ ლოგისტიკისა და დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დაჩქარებას უკავშირდება.

 

თავის მხრივ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა აღნიშნა, რომ ლუკაშენკო ცდილობს მიგრაციის საკითხი იარაღად გამოიყენოს, რათა სანქციების საკითხზე ლიეტუვის მტკიცე განწყობა შეასუსტოს.

 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს 822 არალეგალი მიგრანტი შეეცადა ბელარუსიდან ლიეტუვაში შესვლას, რაც ათჯერ უფრო მეტია, ვიდრე 2020 წელს.

 

big_banner
არქივი