გასულ შაბათ-კვირას, აშშ-ში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შედეგად, სულ მცირე, 150 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN კვლევითი ჯგუფი „Gun Violence Archive“-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჩიკაგოს პოლიციის სამმართველოს მთავარმა კომისარმა, დევიდ ბრაუნმა განაცხადა, რომ გასული შაბათ-კვირა ყველაზე რთული პერიოდი იყო მიმდინარე წლის განმავლობაში. კერძოდ, გასულ შაბათ-კვირას, ჩიკაგოში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრის 83 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 14 შემთხვევა ფატალური აღმოჩნდა. დაღუპულებს შორის ორი ბავშვიც აღმოჩნდა.
23 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დანაშაულთან ბრძოლის სტრატეგია წარადგინა. ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია იარაღის უკანონოდ მოვაჭრეების პასუხისგებაში მიცემასა და ადგილობრივი სამართალდამცველი ორგანოების მხარდაჭერას აპირებს.
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ 2020 წელს აშშ-ის დიდ ქალაქებში მკვლელობების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 30%-ით გაიზარდა.