logo_geo
ვენესუელაში ოპოზიციის ლიდერი დააკავეს
- +

13 ივლისი. 2021. 15:42

 

„ვენესუელაში, ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, ფრედი გევარა ტერორიზმისა და ღალატის ბრალდებით დააკავეს“, - ამის შესახებ BBC წერს.

 

პოლიტიკოსი დედაქალაქ კარაკასის მაგისტრალზე, მაშინ დააკავეს, როცა ის საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა. მემარცხენე მთავრობა მას „ექსტრემისტულ ჯგუფებთან“ და უცხო ქვეყნების მთავრობებთან კავშირს ედავება.

 

გევარა ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერის, ხუან გუაიდოს ახლო მოკავშირეა. გუაიდო აცხადებს, რომ შემთხვევას შეესწრო და როცა კოლეგასთან მიახლოება და მისი დახმარება სცადა, შეიარაღებული პირები დაემუქრნენ.

 

„ბრალი წავუყენეთ ტერორიზმის, კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ თავდასხმების, დანაშაულებრივი შეთქმულებისა და ღალატისთვის", - ამბობს გენერალური პროკურორი.

 

გევერას გასულ წლებშიც სდევნიდნენ. 2017 წელს, მას შემდეგ, რაც ის მთავრობამ ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლების დროს ძალადობის წაქეზებაში დაადანაშაულა, თავი ჩილეს საელჩოს შეაფარა. მას ეს ბრალდება დაახლოებით ერთი წლის წინ მოუხსნეს.

 

ვენესუელას ორი პრეზიდენტი და ორი პარლამენტი ჰყავს - აშშ, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი და ლათინური ამერიკის მთავრობების უმეტესობა ვენესუელას ლეგიტიმურ ლიდერად ხუან გუაიდოს ცნობს, მაგრამ ნიკოლას მადურო კვლავ აკონტროლებს უსაფრთხოების ძალებს და ჰყავს ძლიერი მოკავშირეები ჩინეთსა და რუსეთში.

right_banner big_banner
არქივი