logo_geo
ჯანმო: პანდემია ჯერ არ დასრულებულა და შეზღუდვების მოხსნით გასული წლის ზაფხულის შეცდომების გამეორება აღარ შეიძლება
- +

19 ივლისი. 2021. 14:16

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ პანდემია ჯერ არ დასრულებულა და შეზღუდვების მოხსნით გასული წლის ზაფხულის შეცდომების გამეორება აღარ შეიძლება.

 

„მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული დადგა, პანდემია ჯერ არ დასრულებულა. პანდემიით გამოწვეული სიტუაციისგან დაღლილობამ ზიანი მიაყენა ჩვენს კოლექტიურ ფსიქიკურ ჯანმრთელობას და ბუნებრივია, რომ ხალხს დასვენება სურს ასეთი რთული პერიოდის შემდეგ. თუმცა ჩვენ უკვე ვიყავით მსგავს სიტუაციაში გასული წლის ზაფხულს, როდესაც შეზღუდვები ნაადრევად მოიხსნა. მაშინ ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის კატასტროფული ზრდა ვიხილეთ. დღეს იგივე შეცდომის გამეორების ფუფუნება არ გვაქვს“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა.

 

ჰანს კლუგეს თქმით, ვაქცინაციის კამპანიის მიუხედავად, ევროპის რეგიონში მოსახლეობის დიდი ნაწილი არავაქცინირებული რჩება, რის შედეგადაც, ვირუსის იოლად გადამდები ვარიანტები ვრცელდება.

 

„იქ, სადაც ვაქცინაციის დონე მაღალი არ არის, განსაკუთრებით მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებს შორის, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის ზრდა ფიქსირდება. ხშირად მეკითხებიან, როდის დასრულდება პანდემია. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ. უაღრესად მნიშვნელოვანია თქვენი თავისა და სხვების დაცვა. დიდი გზა გავიარეთ და ახლა ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ“, - აღნიშნა მან.

 

right_banner big_banner
არქივი