eBay-ზე იყიდება ჰაერი, რომელიც გამყიდველის მტკიცებით კანიე უესტის ახალი ალბომის პრეზენტაციაზე შეგროვდა. ამის შესახებ NME წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პაკეტს ჰაერით მომხმარებელი imacanon16canz ყიდის. აუქციონი 4 დღეში დასრულდება, მიმდინარე ფსონი $2 125 დოლარს შეადგენს, თუმცა გამყიდველი ამ ლოტისთვის $3 330 დოლარის მიღებას გეგმავს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რეპერის თაყვანისმცემლები მის მიერ გამართული ღონისძიებებიდან ჰაერს ყიდიან. 2015 წელს eBay-ზე მუსიკოსის ერთ-ერთ კონცერტზე შეგროვილი ჰაერი $60 ათას დოლარად გაიყიდა.
23 ივლისს კანიე უესტმა თავისი მეათე ალბომის Donda პრეზენტაცია-კონცერტი ატლანტაში გამართა. თუმცა რეპერმა ალბომზე მუშაობა ჯერ ვერ დაასრულა, ამიტომ მისი რელიზი 6 აგვისტომდე გადაიტანეს. თავად უესტი კი საცხოვრებლად იმ სტადიონზე გადავიდა, სადაც პრეზენტაცია გაიმართა და Donda-ზე მუშაობას სწორედ იქ გააგრძელებს.