logo_geo
ილონ მასკი: Tesla 2022 წელს რობოტ-ჰუმანოიდს, „ტესლა ბოტს“ შექმნის
- +

21 აგვისტო. 2021. 02:12

 

 

„Tesla-ს დამფუძნებელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ 2022 წელს კომპანია რობოტ-ჰუმანოიდს, „ტესლა ბოტს“ გამოუშვებს, რომელსაც სახის ნაცვლად ეკრანი ექნება“,- ამის შესახებ მასკმა კალიფორნიაში ხელოვნური ინტელექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, რობოტი ხალხის ნაცვლად „მოსაწყენ სამუშაოს“ შეასრულებს. „ტესლა ბოტი“ იმავე ჩიპებსა და გადამცემებზე იქნება დაფუძნებული, რომელსაც კომპანია ელექტრომობილების ავტომატური მართვისთვის იყენებს.

 

„პრინციპში, თუ დავფიქრდებით, რასაც ჩვენ ავტომობილებით ვაკეთებთ, Tesla სავარაუდოდ მსოფლიოში ყველაზე დიდ რობო-ტექნიკური კომპანიაა. იმიტომ, რომ ჩვენი ავტომობილები პრაქტიკულად ნახევრად-მოაზროვნე რობოტებია ბორბლებზე“, - განაცხადა მასკმა.

 

ანთროპომორფული რობოტი სრულებით დაფუძნებულია ავტონომიურ კომპიუტერ „დოჯოზე“ და ნეირონულ სისტემაზე, რომელსაც შესწევს უნარი ამოიცნოს სამყარო და მოახდინოს მასში ადაპტაცია. „ტესლა ბოტის“ სიმაღლე 172 სანტიმეტრი იქნება, წონა კი 57 კილოგრამი. სახის ნაცვლად მას ეკრანი ექნება განთავსებული, სადაც საჭირო ინფორმაცია იქნება გამოტანილი. მისი სიჩქარე საათში 8 კილომეტრს არ აღემატება. Tesla რობოტს შექმნის ისე, რომ ადამიანმა მისი მოგერიება ან მისგან გაქცევა შეძლოს.

 

ილონ მასკის თქმით, მეგობრული რობოტი იმ „მოსაწყენ“ სამუშაოს შეასრულებს, რომლის შესრულებაც ხალხს ნაკლებად მოსწონს. მაგალითად, ის მაღაზიაში საყიდლებზე სიარულს შეძლებს. მასკმა ისიც აღნიშნა, რომ თავიდან რობოტმა შესაძლოა ისე ვერ იმუშაოს, როგორც ეს ჩაფიქრებულია.

 

პრეზენტაციის დროს სცენაზე „ტესლა ბოტის“ ფორმაში ჩაცმული ადამიანიც გამოვიდა, რომელიც Lil Nate Dogg სიმღერაზე Everywhere ენერგიულად ცეკვავდა. მასკმა აღნიშნა, რომ რობოტი ნამდვილი არ იყო. მაგრამ Tesla მას რეალობად აქცევს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი