logo_geo
Al Jazeera: „თალიბებმა” ქაბულის აეროპორტისკენ გზა გადაკეტეს და ქვეყნიდან უცხო ქვეყნის ჯარის 31 აგვისტომდე გაყვანას ითხოვენ
- +

24 აგვისტო. 2021. 21:45

 

 

ტერორისტული დაჯგუფება “თალიბანის” წევრებმა, რომლებმაც 15 აგვისტოს ავღანეთის ხელისუფლება ხელში ჩაიგდეს და სამთავრობო ძალებთან ომის დასრულებამდე განაცხადეს, დღეს ქაბულის საერთაშორისო აეროპორტისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს.

 

ამის შესახებ ტელეარხი – Al Jazeera წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

 

როგორც აღინიშნება, ამას გარდა, “თალიბები” საერთაშორისო თანამეგობრობისგან ითხოვენ, რომ ქვეყანაში მყოფი, ყველა უცხო ქვეყნის ჯარმა ტერიტორია 31 აგვისტომდე დატოვოს.

 

აშშ-სთან დადებული შეთანხმების მიხედვით, ავღანეთიდან ჯარის გაყვანა 31 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, “თალიბანის” მიერ ავღანეთის უსწრაფესი დაკავების შემდეგ, ქვეყნის დატოვების სურვილი ათასობით ადამიანმა გამოთქვა.

 

ქაბულის საერთაშორისო აეროპორტიდან აშშ-ისა და სხვა ქვეყნის მოქალაქეების, ასევე, ადგილობრივების ევაკუაცია 16 აგვისტოდან მიმდინარეობს, წინა დღით ქაბული “თალიბანმა” დაიკავა.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რამდენიმე დღის წინ, ხალხისადმი მიმართვის დროს თქვა, რომ, საევაკუაციო პროცესიდან გამომდინარე, 31 აგვისტოს თარიღი შესაძლოა, გადაიწიოს, რასაც გუშინ “თალიბანის” წარმომადგენელმა უპასუხა და თქვა, რომ ყველაფერი დათქმულ დროს უნდა დასრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, “შედეგებია მოსალოდნელი”.

 

დღეს კი The Washington Post-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა, უილიამ ბერნსმა, ქაბულში, “თალიბანის” პოლიტიკური ოფისის ხელმძღვანელ მულა აბდულ ღანი ბარადართან საიდუმლო შეხვედრა გამართა.

 

გამოცემა წერს, რომ შეხვედრაზე ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გაყვანის ვადის მოახლოების საკითხი განიხილებოდა, ასევე, მოქალაქეების ევაკუაციის საკითხი.

 

 

right_banner big_banner
არქივი