logo_geo
ტეხასის შტატში აბორტის ამკრძალავი კანონი ძალაში შევიდა
- +

2 სექტემბერი. 2021. 02:29

 

 

აშშ-ის ტეხასის შტატში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც კრძალავს აბორტს ორსულობის დაწყებიდან ექვსი კვირის შემდეგ.

 

კანონმდებლების განცხადებით, ექვსკვირიანი პერიოდი იმიტომ არის განსაზღვრული, რომ სწორედ ორსულობის დაწყებიდან ექვსი კვირის შემდეგ იწყებს ნაყოფი გულისცემას.

 

კანონი, ორსულობის დაწყებიდან 6 კვირის შემდეგ, აბორტის ერთადერთ გამონაკლისს უშვებს, როდესაც ნაყოფი საფრთხეს უქმნის დედის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.

 

ახალი კანონით დაუშვებელი იქნება ინცესტით ან გაუპატიურებით გამოწვეული ორსულობის შეწყვეტაც. ამასთან, კანონი კრძალავს აბორტის პროცესში ნებისმიერ პირდაპირ და არაპირდაპირ ჩართულობას, რისთვისაც 10 000-დოლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული.

 

კანონს, რომელსაც „გულისცემის აქტს“ უწოდებენ, ტეხასის რესპუბლიკელმა გუბერნატორმა, გრეგ ებოტმა, მიმდინარე წლის მაისში მოაწერა.

 

უფლებადამცველი ორგანიზაციები იუწყებიან, რომ ამ კანონის შეჩერების მოთხოვნით, უზენაეს სასამართლოს მიმართეს, თუმცა სასამართლომ თავი შეიკავა, რამაც გზა გაუხსნა კანონს, ძალაში შესულიყო.

 

მათივე განცხადებით, „გულისცემის აქტი“ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს მიერ 1973 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ქალებს აბორტის უფლება მიენიჭათ.

 

აბორტის ამკრძალავი აქტი შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც დაგმო.

 

„ეს რადიკალური კანონი ტეხასში უხეშად არღვევს კონსტიტუციურ უფლებას, რომელიც დაცულია უზენაესი სასამართლოს 1973 წლის გადაწყვეტილებით, რაც პრეცედენტად იყო აღაირებული თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში“, - თქვა პრეზიდენტმა.

 

ბაიდენის განცხადებით, ტეხასის კანონი მნიშვნელოვნად ზღუდავს ქალების ხელმისაწვდომობას მათთვის საჭირო ჯანდაცვაზე, განსაკუთრებით ფერადკანიანი და დაბალი შემოსავლის მქონე ჯგუფებისთვის.

 

„აღმაშფოთებელია ასევე ის ფაქტი, რომ კანონი საშუალებას აძლევს პირებს, უჩივლონ ყველას, ვისაც ჩათვლიან, რომ სხვა პირებს აბორტის გაკეთებაში დაეხმარნენ“, - დასძინა ბაიდენმა.

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, მისი ადმინისტრაცია ერთგული რჩება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ბრძოლას სამართლებრივი გზებით გააგრძელებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი