ქარიშხალ „იდას“ გამო, ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის შტატებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.
„საგანგებო მდგომარეობას ვაცხადებ, რათა ნიუ-იორკელებს დავეხმარო, რომლებიც ამაღამ ქარიშხლის შედეგად დაზარალდნენ“, - განაცხადა ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა.
ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ წყალდიდობა როგორც ამინდთან დაკავშირებული ისტორიული მოვლენა შეაფასა.
გავრცელებული ინფორმაციით, ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის შტატებში სტიქიურ უბედურებას, სულ მცირე, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.
აღსანიშნავია, რომ ძლიერი ნალექის გამო, ქალაქ ნიუ-იორკში მეტროსადგურის ყველა ხაზის მუშაობა შეიზღუდა, დაიტბორა ქუჩები.