logo_geo
ბრაზილიის პრეზიდენტმა სოციალური მედიის რეგულირების ცვლილების განკარგულებას მოაწერა ხელი
- +

7 სექტემბერი. 2021. 10:22

 

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ სოციალური მედიის რეგულირების ცვლილების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი. როგორც სააგენტო „როიტერი“ ბრაზილიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, ცვლილებები მიმართულია სოციალურ მედიაში ანგარიშების, პროფილებისა და კონტენტის „თვითნებური წაშლის“ წინააღმდეგ.

 

კერძოდ, ბრაზილიის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ახალმა რეგულაციამ უნდა უზრუნველყოს სიტყვის თავისუფლების დაცვა.

 

ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ განკარგულების მიზანია, მკაფიო გახადოს სოციალური მედიის კომპანიების პოლიტიკა ანგარიშების შეჩერებასა ან გაუქმებასთან დაკავშირებით, ასევე ახალი წესები მისცემს ინტერნეტ-მომხმარებლებს უფლებას, ხელახლა გამოაქვეყნონ წაშლილი კონტენტი.

 

როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში „ტვიტერმა“ და „ფეისბუქმა“ წაშალეს პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუსა და მისი მხარდამჭერების მიერ გამოქვეყნებული და გაზიარებული არაერთი პოსტი, რომლებიც საზოგადოების შეცდომაში შემყვანად ჩათვალეს.

big_banner
არქივი