ეთიოპიაში, ამჰარის რეგიონში, მიმდინარე თვის დასაწყისში, 120-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, - ინფორმაციას Al Jazeera ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირები ერთ-ერთ სოფელში შეიჭრნენ და ადგილობრივები დახოცეს. ზოგიერთი წყარო მომხდარში ტიგრაის ძალებს ადანაშაულებს, თუმცა, ქვეყნის ჩრდილოეთით ბაზირებული დაჯგუფება ამასთან კავშირს უარყოფს.
„ისინი უდანაშაულო ფერმერები იყვნენ“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი ოფიციალური პირი მოკლულებზე საუბრისას.
არაა გამორიცხული, მათი რაოდენობა გაიზარდოს, რადგან რამდენიმე ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.
ეთიოპიის მთავრობა აცხადებს, რომ აჯანყებულები - ტიგრაის სახალხო განმათავისუფლებელი ფრონტის (TPLF) წევრები ქვეყნის დანგრევას ცდილობენ და რომ მეზობელ რეგიონებს - ამჰარასა და აფარს ესხმიან თავს.
ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარე დაპირისპირებას უკვე ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მილიონობით ადგილობრივმა დაკარგა საცხოვრებელი. მოსახლეობა ქვეყნიდან გაქცევას ცდილობს. უმეტეს შემთხვევაში, მათი თავშესაფარი სუდანია.