logo_geo
დიდი ბრიტანეთის მთავარი ექიმები 12-დან 15 წლამდე ბავშვების ვაქცინაციას რეკომენდაციას უწევენ
- +

13 სექტემბერი. 2021. 21:44

 

 

დიდი ბრიტანეთის მთავარი ექიმები 12-დან 15 წლამდე ბავშვების ვაქცინაციას რეკომენდაციას უწევენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

 

მთავარი სამედიცინო ოფიცრების (CMO) რეკომენდაცია გზას უხსნის დიდ ბრიტანეთში 12-15 წლის ბავშვების ფართო ვაქცინაციას მას შემდეგ, რაც ვაქცინაციისა და იმუნიზაციის ერთობლივმა კომიტეტმა (JCVI) აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციას რეკომენდაცია არ გაუწია.

 

დიდი ბრიტანეთის მთავარმა ექიმებმა განაცხადეს, რომ ბავშვების ვაქცინაციამ შეიძლება შეამციროს სკოლების ფუნქციონირების შეფერხება და დამატებით უპირატესობა უზრუნველყოს აღნიშნული ჯგუფის ვაქცინაციის სასარგებლოდ.

 

აღსანიშნავია, რომ საუბარია 12-15 წლის ბავშვების Pfizer-BioNTech-ის ვაქცინით აცრაზე.

 

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ოფიციალურად უნდა მიუთითოს, შეასრულებს თუ არა მთავარი სამედიცინო ოფიცრების (CMO) რეკომენდაციას, თუმცა მანამდე ზოგიერთმა მინისტრმა მხარი დაუჭირა ბავშვების ვაქცინაციას.

 

3 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის ვაქცინაციისა და იმუნიზაციის ერთობლივმა კომიტეტმა (JCVI) 12-15 წლის ჯანმრთელი ბავშვების ვაქცინაციას რეკომენდაცია არ გაუწია.

 

უწყებაში განაცხადეს, რომ აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია ყველაზე მაღალი რისკის მქონე ბავშვებს უნდა ჩაუტარდეს, რომლებსაც თანხმლები დაავადებები აქვთ, მათ შორის გულის, ფილტვის, თირკმლისა და ღვიძლის ქრონიკული დაავადებები და ნევროლოგიური დაავადებები.

 

ვინაიდან ბავშვები დაბალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, ვაქცინაციისა და იმუნიზაციის კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ ვაქცინაცია მხოლოდ უმნიშვნელო სარგებელს მოიტანს და, შესაბამისად, არასაკმარისი მტკიცებულება არსებობს აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისათვის მასობრივი ვაქცინაციის შესათავაზებლად.

 

 

right_banner big_banner
არქივი