logo_geo
საფრანგეთში სამედიცინო მუშაკების სავალდებულო ვაქცინაციის რეჟიმი ამოქმედდა
- +

15 სექტემბერი. 2021. 14:19

 

 

საფრანგეთში სამედიცინო მუშაკების სავალდებულო ვაქცინაციის რეჟიმი ამოქმედდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია France24-ი ავრცელებს.

 

სავალდებულო ვაქცინაციის ფარგლებში, ვაქცინაციის გავლა საავადმყოფოების თანამშრომლებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების მძღოლებს, მოხუცთა თავშესაფრების მუშაკებს, კერძო ექიმებსა და სახანძრო სამსახურის თანამშრომლებს მოუწევთ.

 

5 აგვისტოს საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ მხარი დაუჭირა პარლამენტის მიერ მიღებულ კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალ ზომებს. აღნიშნული ზომები მათ შორის ექიმების, მასწავლებლებისა და მეხანძრეების სავალდებულო ვაქცინაციას ითვალისწინებს.

 

25 აგვისტოს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კორონავირუსის საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაციის შეჩერების შესახებ 672 ფრანგი მეხანძრის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

 

ფრანგმა მეხანძრეებმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს და სამაშველო სამსახურების თანამშრომლებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის შეჩერება მოითხოვეს. კერძოდ, ისინი თავიანთ სარჩელში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ორ მუხლს ეყრდობოდნენ: მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება) და მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება).

 

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აღნიშნეს, რომ აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესს (დროებითი ზომა) ვერ გამოიყენებდნენ, რადგან სასამართლო ასეთ მოთხოვნებს მხოლოდ განსაკუთრებულ საფუძველზე აკმაყოფილებს, როდესაც განმცხადებლებს შეუქცევადი ზიანის რეალური საფრთხე ემუქრებათ.

big_banner
არქივი