logo_geo
აშშ-ის არმიის ჯარისკაცები, რომლებიც ვაქცინაციაზე უარს იტყვიან, შეიარაღებული ძალების რიგებიდან შეიძლება გარიცხონ
- +

15 სექტემბერი. 2021. 16:23

 

 

აშშ-ის არმიის ჯარისკაცები, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე უარს იტყვიან, შეიარაღებული ძალების რიგებიდან შეიძლება გარიცხონ. ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს.

 

25 აგვისტოს აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო ვაქცინაციის დაწყების განკარგულება გამოსცა.

 

„ჯარისკაცები, რომლებიც ვაქცინაზე უარს იტყვიან, ჯერ კონსულტაციას გაივლიან მეთაურებთან და სამედიცინო პროვაიდერებთან, თუმცა ვაქცინაციის მოთხოვნის შეუსრულებლობამ ადმინისტრაციული ან სასამართლოგარეშე სასჯელი შეიძლება გამოიწვიოს, მათ შორის გათავისუფლება ან დათხოვნა. ჩვენი ჯარისკაცებისთვის ეს, ფაქტობრივად, სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხია“, - განაცხადა აშშ-ის არმიის მთავარმა ექიმმა, გენერალმა რაიმონდ სკოტ დინგლიმ.

 

23 აგვისტოს აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიანიჭა. Pfizer-ის ვაქცინა აშშ-ში პირველი ვაქცინაა, რომელმაც მარეგულირებლისგან მსგავსი სტატუსი მიიღო.

big_banner
არქივი