logo_geo
თურქმენეთში ოფიციალურად კორონავირუსი ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა, აქტივისტები მესამე ტალღაზე საუბრობენ
- +

25 სექტემბერი. 2021. 12:20

 

პანდემიის დაწყებიდან თითქმის ორი წლის თავზე თურქმენეთში ოფიციალურად კორონავირუსის შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა. ინფორმაციას ამის შესახებ ​CNN ავრცელებს.

 

ჩრდილოეთ კორეასთან და წყნარ ოკეანეში მდებარე 3 კუნძულოვან სახელმწიფოსთან ერთად თურქმენეთი იმ 5 ქვეყნის რიცხვში შედის, სადაც, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

 

6-მილიონიანი ქვეყნის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი, რომელიც თურქმენეთს 2006 წლიდან მართავს, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების შესახებ ინფორმაციას ყალბს უწოდებს და აცხადებს, რომ პანდემიასთან ბრძოლა პოლიტიკური სპეკულაციების საგანი არ უნდა გახდეს. თუმცა დამოუკიდებელი ორგანიზაციები, ჟურნალისტები და აქტივისტები აცხადებენ, რომ სინამდვილეში ქვეყანა პანდემიის მესამე ტალღას ებრძვის. მათი მტკიცებით, ქვეყნის საავადმყოფოები კოვიდინფიცირებულებითაა სავსე, პრეზიდენტი კი თავისი რეიტინგის შესანარჩუნებლად პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე არ საუბრობს.

 

ნიდერლანდებში მცხოვრები ჟურნალისტი რუსლან მიატიევი, რომელიც დამოუკიდებელ გამოცემა „Turkmen News“-ს ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ პირადად ფლობს ინფორმაციას 60-ზე მეტი გარდაცვლილის შესახებ, რომელთა შორის მასწავლებლები, ხელოვანები და ექიმები არიან.

 

„კორონავირუსის საფრთხის აღიარებისა და საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობის სანაცვლოდ, თურქმენეთმა გადაწყვიტა, თავი ქვიშაში ჩარგოს“, - აცხადებს მიატიევი.

 

 

 

big_banner
არქივი