logo_geo
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასმა 1600 დოლარს გადააჭარბა – ევროკავშირს გამოძიებისკენ მოუწოდებენ
- +

6 ოქტომბერი. 2021. 13:58

 

ევროპაში გაზის ფასმა მორიგ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და ათას კუბურ მეტრზე 1600 დოლარის ნიშნულს გადააჭარბა.

 

ევროპის ბაზარზე გაზის საფასური უკანასკნელი კვირების განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა.

 

თუ აგვისტოს დასაწყისში მისი ფასი 515 დოლარის ფარგლებში მერყეობდა, ერთ თვეში უკვე 614 დოლარს შეადგენდა, სექტემბრის ბოლოსთვის ორჯერ გაძვირდა, ხოლო ბოლო ორი დღის განმავლობაში მისი საფასური კიდევ 30%-ით გაიზარდა.

 

ამ ფონზე, საფრანგეთი, ესპანეთი და ევროკავშირის სხვა ქვეყნები ბრიუსელს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რომ მზარდი ფასით მიყენებული დარტყმა შესუსტდეს და მომხდარის მიზეზი იყოს გამოძიებული.

 

ამის შესახებ „Bloomberg“ წერს.

 

საფრანგეთის, ესპანეთის, საბერძნეთის, ჩეხეთის და რუმინეთის ფინანსთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

 

მინისტრები მოუწოდებენ ევროკავშირს, გაზის ბაზარზე გამოძიება ჩაატაროს და ასევე განაცხადეს, ბლოკმა უნდა მოახდინოს კოორდინაცია შესყიდვებზე, რომ „გაზარდოს ჩვენი მოლაპარაკების ძალა“. ასევე, მინისტრების აზრით, ევროკავშირმა უნდა გადახედოს ელექტროენერგიის ბაზრებს.

 

ევროკავშირის ქვეყნების მთავრობები ცდილობენ, უპასუხონ გაზის ფასების მკვეთრ მატებას, რაც მოქალაქეებს ენერგეტიკული სიღარიბით ემუქრება, ხელს შეუწყობს ინფლაციას და ძირს უთხრის პოსტპანდემიურ აღდგენას.

 

ევროკომისია მომავალ კვირას ღონისძიებათა კომპლექსს გამოაქვეყნებს, რომელთა გამოყენება შეეძლებათ ეროვნულ მთავრობებს მაღალი ფასების გავლენის შესამცირებლად.

 

 

right_banner big_banner
არქივი