logo_geo
გეითსების ფონდი 120 მილიონ დოლარს გამოყოფს, რათა დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებს კომპანია „Merck“-ის კოვიდსაწინააღმდეგო აბებზე წვდომა ჰქონდეთ
- +

20 ოქტომბერი. 2021. 12:55

 

 

ბილ და მელინდა გეითსების საქველმოქმედო ფონდი 120 მილიონ დოლარს გამოყოფს, რათა დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებს კომპანია „Merck“-ის კოვიდსაწინააღმდეგო აბებზე წვდომა ჰქონდეთ.

 

„დღეს ვალდებულებას ვიღებთ, რომ 120 მილიონ დოლარს გამოვყოფთ, რათა დავაჩქაროთ „მოლნუპირავირზე“ წვდომა. როგორც წესი, დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებს მსგავსი პრეპარატის მიღებისთვის, სულ მცირე, ერთი წელი სჭირდებათ. ამ პანდემიის დასასრულებლად, უნდა უზრუნველვყოთ, რომ ყველას ჰქონდეს წვდომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამკურნალო საშუალებებზე. ეს ვალდებულება ხელს შეუწყობს პერსპექტიულ პრეპარატ „მოლნუპირავირზე“ წვდომის გაფართოებას, თუმცა ეს არ არის ამ ისტორიის დასასრული. ჩვენ სხვა დონორებიც გვჭირდება მოქმედებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

1 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ კომპანია „Merck“-ის მიერ შექმნილი კოვიდსაწინააღმდეგო აბები ინფიცირებულებში ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის შემთხვევებს 50%-ით ამცირებს.

 

კომპანია „Merck“ და მისი პარტნიორი „Ridgeback Biotherapeutics“ აშშ-ში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში აბების გადაუდებელი გამოყენებისთვის საჭირო ავტორიზაციის მოპოვებას გეგმავენ.

 

დამტკიცების შემთხვევაში, პრეპარატი „მოლნუპირავირი“, რომელიც ვირუსის გენეტიკურ კოდში შეცდომების შეტანის მიზნით არის შექმნილი, კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი პერორალური ანტივირუსული მედიკამენტი იქნება.

 

კვლევაში ლაბორატორიულად დადასტურებული მსუბუქი და ზომიერი ფორმის კოვიდპაციენტები მონაწილეობდნენ, რომლებსაც სიმპტომები არა უმეტეს ხუთი დღის განმავლობაში ჰქონდათ . ყველა პაციენტს, სულ მცირე, ერთი რისკ-ფაქტორი ჰქონდა, როგორიცაა სიმსუქნე ან ხანდაზმული ასაკი.

 

აღსანიშნავია, რომ ადრეული კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ პრეპარატი არაეფექტურია იმ პაციენტებში, რომლებიც მძიმე დაავადებებით უკვე საავადმყოფოში იყვნენ გადაყვანილი.

 

 

big_banner
არქივი