logo_geo
ბრიტანეთში მედიკოსები სასწრაფოდ კოვიდშეზღუდვების ნაწილის დაბრუნებას ითხოვენ
- +

20 ოქტომბერი. 2021. 13:48

 

დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნული სამსახურის მედიკოსთა გაერთიანება მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გადავიდეს გეგმა „ბ“-ზე და დააბრუნოს კოვიდშეზღუდვების ნაწილი, პირველ ყოვლისა, დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების რეჟიმი.

 

ამის შესახებ BBC წერს.

 

„ეროვნული სამსახური ემზადება იმისთვის, რომ ზამთარი, ალბათ, ყველაზე რთული იქნება ისტორიაში. მთავრობამ სასწრაფოდ უნდა გააქტიუროს გეგმა “ბ”. ნუ დააყოვნებთ, სანამ ინფექციის მაჩვენებელი არ გაიზრდება და სამედიცინო სისტემაზე დატვირთვაც არ გახდება ზედმეტად დიდი“, – განაცხადა ასოციაციის ხელმძღვანელმა მეთიუ ტეილორმა.

 

მთავრობაში განაცხადეს, რომ არ აპირებენ შეზღუდვების გამკაცრებას, მაგრამ ყურადღებით აკვირდებიან რიცხვებს. ამჟამად, ბრიტანეთი გეგმა „ა“-ს მიხედვით აგრძელებს ცხოვრებას, რაც გულისხმობს იმ პირთა მესამე დოზით ვაქცინაციას, ვინც ყველაზე პირველები აიცრნენ; ასევე, იგულისხმება ერთი დოზით 12 წლიდან მოზარდების ვაქცინაცია და პირბადის ტარების რეკომენდაცია დახურულ სივრცეებში.

 

რაც შეეხება გეგმა „ბ“-ს, ის ითვალისწინებს პირბადის სავალდებულო ტარებას, დისტანციურ მუშაობაზე გადასვლასა და კოვიდსერტიფიკატის წარდგენას ზოგიერთ ადგილში.

 

ბრიტანეთში ბოლო დროს ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება, თუმცა, სიკვდილიანობა შემცირებულია.

 

ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 34 ათასს შეადგენდა, ამჟამად, 44 ათასზე მეტია.

right_banner big_banner
არქივი