logo_geo
ევროკავშირის სასამართლომ პოლონეთს დღიურად მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა
- +

27 ოქტომბერი. 2021. 16:18

 

 

სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრინციპის დარღვევის გამო, ევროკავშირის სასამართლომ პოლონეთს დღიურად მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.

 

სადამსჯელო ზომები მანამ იმოქმედებს, სანამ ოფიციალური ვარშავა ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას არ დათანხმდება, რომელიც პოლონეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დისციპლინური პალატის დაუყოვნებლივ შეჩერებასა და სასამართლო იმუნიტეტის მოხსნის შესახებ უკვე მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმებას მოითხოვს.

 

ყოველდღიური ჯარიმები ევროკავშირის სახსრებიდან გამოიქვითება, რომელსაც პოლონეთი პერიოდულად იღებს. ევროკავშირის სასამართლო აღნიშნავს, რომ პოლონეთმა აუცილებელი ცვლილებები არ შეიტანა საკუთარ სამართლებრივ რეჟიმში დისციპლინური პალატისთვის უფლებამოსილების ჩამორთმევის მიზნით.

 

7 სექტემბერს, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრინციპის დარღვევის გამო, ევროკომისიამ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში პოლონეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

 

2019 წელს პოლონეთის სეიმმა სასამართლო რეფორმას დაუჭირა მხარი. რეფორმის თანახმად, იუსტიციის მინისტრს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნისა და გადაყენების უფლება ენიჭება, მოსამართლეებისთვის კანონით დადგენილი საპენსიო ასაკი კი უქმდება.

 

მოსამართლეების განცხადებით, კანონპროექტი ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და სასამართლო რეფორმაზე თავდასხმას წარმოადგენს. ნებისმიერი მოსამართლე, რომელიც იუსტიციის ეროვნულ საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატებს გააკრიტიკებს, შესაძლოა დაჯარიმდეს ან თანამდებობა დატოვოს.

 

 

big_banner
არქივი