logo_geo
ევროკავშირმა ავიამიმოსვლა შეაჩერა აფრიკის იმ ქვეყნებთან, სადაც „ომიკრონი“ აღმოაჩინეს
- +

28 ნოემბერი. 2021. 15:34

 

 

ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ შეაჩერონ სამგზავრო მიმოსვლა სამხრეთ აფრიკის იმ ქვეყნებთან, სადაც COVID-ის ახალი შტამი გავრცელდა. ამის შესახებ news.sky.com იუწყება.

 

როგორც ევროკომისიის სპიკერმა ერიკ მამერმა განაცხადა, შეზღუდვები ვრცელდება ბოტსვანაზე, ესვატინზე, ლესოტოზე, მოზამბიკზე, ნამიბიაზე, სამხრეთ აფრიკასა და ზიმბაბვეზე.

 

კანადამ, ასევე, დააწესა შეზღუდვები, აკრძალა მგზავრობა შვიდი ქვეყნიდან, მათ შორის სამხრეთ აფრიკიდან და გამოსცა რეკომენდაცია, რომელიც მოუწოდებს ყველა მოქალაქეს არ გაემგზავრონ სამხრეთ აფრიკაში. ანალოგიური გადაწყვეტილება იაპონიამ და ეგვიპტემ მიიღეს.

 

ეს გადაწყვეტილება ევროკავშირმა მას შემდეგ მიიღო, რაც ახალი შტამის, B.1.1.529  პირველი შემთხვევა,გამოვლინდა ბელგიაში. შტამის სახელწოდებაა ომიკრონი და ის პირველად სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს.

 

რაც შეეხება ჰონგ კონგს, ისრაელს და ბელგიას, სადაც, ასევე, ახალი შტამის შემთხვევები დაფიქსირდა, მათთან მგზავრობის შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.

 

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპამ საჰაერო მიმოსვლა უნდა შეაჩეროს ყველა ქვეყანასთან, სადაც ახალი COVID ვარიანტი  აღმოაჩინეს.

 

მან, ასევე, თქვა, რომ ვაქცინის მწარმოებლები ხელშეკრულების მიხედვით ვალდებულები არიან შეცვალონ ვაქცინების შემადგენლობა, რათა ის ახალი შტამის მიმართ ეფექტიანი იყოს.

 

„ახლა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ ევროპაში ვიმოქმედოთ ძალზე სწრაფად, ეფექტიანად და ერთად“, - თქვა ფონ დერ ლაიენმა.

 

კომისიის თავმჯდომარის თქმით, ევროპის იმ რეგიონებიდან ჩამოსულმა პირებმა, სადაც ეს ვარიანტი აღმოაჩინეს, „მკაცრი საკარანტინო წესები“ უნდა დაიცვან.

 

მან თქვა, რომ ევროკავშირი „ამას ძალიან სერიოზულად ეკიდება“ და არსებობს ეჭვი, რომ ეს ვარიანტი „მსოფლიოში რამდენიმე თვეში“ გავრცელდება.

 

 „შეიძლება გამოიწვიოს კიდევ უფრო შემაშფოთებელი ვარიანტების გაჩენა და გავრცელება“, - ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი.

 

მარკ ვან რანსტი, რომელიც  ბელგიის რეგას ინსტიტუტთან მუშაობს, აცხადებს, რომ ანალიზის შედეგად ახალი შტამი დაუდასტურდა ადამიანს, რომელიც ეგვიპტიდან ბელგიაში 11 ნოემბერს დაბრუნდა.

 

შეზღუდვები დიდმა ბრიტანეთმა და ირლანდიამაც დააწესეს. აფრიკის 7 ქვეყნიდან დიდ ბრიტანეთში და ირლანდიაში ჩასულ საკუთარ მოქალაქეებს  საკარანტინე სივრცეში გადასვლას მოსთხოვენ.

 

ადამიანები,რომლებიც არ არიან არც დიდი ბრიტანეთის და არც ირლანდიის მოქალაქეები, აფრიკის ქვეყნებში მოგზაურობის შემთხვევაში იქ არ დაიშვებიან.

 

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა თქვა, რომ  „აუცილებელია რაც შეიძლება სწრაფად მოქმედება.”

 

მისი თქმით, არსებობს ეჭვი, რომ ეს ვარიანტი შეიძლება იყოს უფრო ინფექციური, გახადოს ვაქცინები ნაკლებად ეფექტური და მთლიანობაში ნეგატიურად იმოქმედოს გაერთიანებულ სამეფოში COVID-ის მკურნალობაზე.

 

საჯიდ ჯავიდმა თემთა პალატას განუცხადა, რომ „დიდი ალბათობით“ ეს ვარიანტი  სამხრეთ აფრიკიდან სხვა ქვეყნებში უკვე გავრცელდა.

 

შეერთებული შტატები 29 ნოემბრიდან კრძალავს მოგზაურობას სამხრეთ აფრიკიდან და აფრიკის შვიდი ქვეყნიდან - ბოტსვანადან, ზიმბაბვედან, ნამიბიიდან, ლესოტოდან, ესვატინიდან, მოზამბიკიდან და მალავიდან. გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო.

 

 

big_banner
არქივი