logo_geo
ნიდერლანდებში „ომიკრონით“ ინფიცირების 13 შემთხვევა გამოვლინდა
- +

28 ნოემბერი. 2021. 20:42

 

 

ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ჩაფრენილ 13 ადამიანს კორონავირუსის შტამი „ომიკრონი“ დაუფიქსირდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ისინი იმ 61 მგზავრს შორის არიან, ვინც ნიდერლანდებში გუშინ ჩაფრინდა და ვისაც COVID-19 დაუდასტურდათ. ინფიცირებულები კარანტინს აეროპორტის მახლობლად მდებარე სასტუმროში გადიან.

ასევე იზოლაციას გადიან ადამიანები, ვინც მათთან ერთად მგზავრობდნენ, მაგრამ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. 5 დღის შემდეგ ამ მგზავრებს ტესტირება განმეორებით ჩაუტარდებათ. ნიდერლანდების ჯანდაცვის სამინისტროში სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნებულებს მოუწოდებენ კოვიდ-ტესტი რაც შეიძლება სწრაფად გაიკეთონ.

ახალი შტამის შემთხვევები ევროპის სხვა ქვეყნებშიც დადასტურდა, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და იტალიაში. „ომიკრონი“ ასევე გამოავლინეს ბოტსვანაში, ისრაელში, ავსტრალიასა და ჰონგ-კონგში.

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გავრცელების გამო, 29 ნოემბრიდან აშშ სამხრეთ აფრიკიდან და აფრიკის შვიდი სხვა ქვეყნიდან ავიამიმოსვლას შეაჩერებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომაზე სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ახალი ვარიანტის შესასწავლად რამდენიმე კვირა დასჭირდებათ, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ახალ ვარიანტს ძალიან ბევრი მუტაცია აქვს.

სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი