logo_geo
რა სიმპტომები აქვს „ომიკრონს“ - სამხრეთ აფრიკელი ექიმის განმარტება
- +

29 ნოემბერი. 2021. 00:34

 

 

სამხრეთაფრიკელი ექიმი, რომელმაც ხელისუფლებას ახალი ვარიანტის შესახებ შეატყობინა, "ტელეგრაფთან" ამბობს, რომ "ომიკრონის" სიმპტომები განსხვავებულია, თუმცა მსუბუქი.

 

ანჯელიკ კუტზეს თქმით, პირველად ახალი ვარიანტის შესახებ მაშინ ივარაუდა, როდესაც პრეტორიაში, საკუთარ კლინიკაში კოვიდპაციენტებს უჩვეულო სიმპტომები დაუფიქსირდათ. ექიმის თქმით, პაციენტებს შორის იყვნენ ახალგაზრდები, რომლებსაც ჰქონდათ უენერგიობა და 6 წლის ბავშვი, რომელსაც პულსი ძალიან ჰქონდა აჩქარებული. არცერთ მათგანს ყნოსვა და გემოს შეგრძნება არ დაუკარგავს.

 

"მათი სიმპტომები იყო ძალიან განსხვავებული, თუმცა მსუბუქი," - განაცხადა კუტზემ.

 

18 ნოემბერს, როდესაც ერთი ოჯახის 4 წევრს დაუდასტურდა კოვიდი და ყველა მათგანს მძიმე გადაღლილობის შეგრძნება ჰქონდა, საკუთარი ეჭვის შესახებ მან შესაბამის უწყებებს შეატყობინა. კუტზეს თქმით, მის 20-ზე მეტ კოვიდპაციენტს აღენიშნებოდა ახალი ვარიანტის სიმპტომები. უმეტესი მათგანი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც უკიდურეს დაღლილობას უჩიოდა. მათი დიდი ნაწილი ვაქცინირებული არ იყო.

 

"ერთი ძალიან საინტერესო შემთვევა გვქონდა - ბავშვი, დაახლოებით 6 წლის, მაღალი ტემპერატურით და ძალიან აჩქარებული პულსით. ვფიქრობდი მის ჰოსპიტალიზაციას, თუმცა 2 დღის შემდეგ ის თავს ბევრად კარგად გრძნობდა," - ამბობს სამხრეთაფრიკელი ექიმი.

 

ანჯელიკ კუტზეს თქმით, ყველა პაციენტი ჯანმრთელი იყო, თუმცა, მისი თქმით, ახალი ვარიანტი ასაკოვანი ადამიანებისთვის რისკის შემცველი იქნება, ასევე მათთვის, ვისაც თანმხლები დაავადებები აქვთ.

 

"ყველაზე მეტად იმაზე ვღელავთ, რომ ასაკოვანი, ან - არავაქცინირებული ადამიანები დაავადდებიან ახალი ვარიანტით. არავაქცინირებულებში ბევრი ადამიანი დამძიმდება," - აღნიშნავს ექიმი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი