logo_geo
ბარბადოსი დედოფალ ელისაბედის მმართველობიდან გამოვიდა და ოფიციალურად გახდა რესპუბლიკა
- +

30 ნოემბერი. 2021. 11:18

 

მსოფლიოს კიდევ ერთი რესპუბლიკა შეემატა - ბარბადოსის დედაქალაქში, ბრიჯთაუნში გაიმართა ცერემონია, რის შემდეგაც, სახელმწიფოს მეთაური დიდი ბრიტანეთის დედოფალი აღარაა და ის უკვე რესპუბლიკა გახდა, - ამის შესახებ BBC წერს.

 

პრეზიდენტის ფიცი სანდრა მეისონმა დადო, რომელიც 2018 წლიდან დიდი ბრიტანეთის დედოფლის ხელისუფლების წარმომადგენლის, გენერალ-გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა. გასულ თვეში ის არჩევნების გზით აირჩიეს პრეზიდენტად.

 

ცერემონიას უელსის პრინცი ჩარლზი და მსოფლიოში ცნობილი ბარბადოსელი მომღერალი რიანა ესწრებოდნენ. სიტყვით გამოსვლისას, პრინცმა თქვა, რომ კარიბის კუნძულმა „მონობის შემზარავი სისასტიკე“ გამოსცადა. მან იმედი გამოთქვა, რომ კონსტიტუციური სტატუსის ცვლილების მიუხედავად, ბრიტანეთსა და ბარბადოსს შორის კავშირი არ შეწყდება.

 

რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, მია მოტნიმ თქვა, რომ ბარბადოსის მიერ კოლონიური წარსულის უკან მოტოვება „სიმბოლური მომენტია“.

 

ინგლისელებმა ბარბადოსი პირველად 1627 წელს დაიკავეს და ის ბრიტანეთის კონტროლის ქვეშ გადავიდა. ბარბადოსის ეკონომიკის წამყვანი ძალა შაქრის პლანტაციები იყო, რომელთაც აფრიკიდან ჩაყვანილი მონები ამუშავებდნენ.

 

კუნძულზე მონობა 1834 წელს გაუქმდა. დამოუკიდებლობა 1966 წლის 30 ნოემბერს გამოცხადდა.

 

 

big_banner
არქივი