logo_geo
ვაშინგტონის სასამართლომ ნარკობარონ „ელ ჩაპოს“ ცოლს 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
- +

1 დეკემბერი. 2021. 11:57

 

ვაშინგტონის სასამართლომ ცნობილი მექსიკელი ნარკობარონის, ხოაკინ „ელ ჩაპო“ გუსმანის ცოლს - 32 წლის ემა კორონელ აისპუროს 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ Associated Press წერს.

 

მოსამართლემ ასევე მიიღო გადაწყვეტილება აისპუროსთვის ნარკოტიკების გაყიდვიდან მიღებული 1,5 მილიონი დოლარის კონფისკაციის შესახებ. აისპურომ გამოძიებასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა და აღიარა, რომ თავისი ქმრის მიერ შექმნილი „სინალოას“ ნარკოკარტელის საქმიანობაში მონაწილეობდა. აისპურომ ასევე განაცხადა, რომ „ელ ჩაპოს“ 2015 წელს მექსიკური ციხიდან გვირაბის საშუალებით გაქცევაში დაეხმარა.

 

ნარკობარონის ცოლს, რომელიც 2021 წლის თებერვალში აშშ-ში დააკავეს, 10-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა სასამართლომ გაითვალისწინა ის, რომ მანამდე ქალს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაკისრებია და ის არ მონაწილეობდა ძალადობრივ ქმედებებში. პროკურორები აისპუროსთვის 4-წლიან პატიმრობას ითხოვდნენ, ადვოკატები კი ამბობდნენ, რომ აისპურო 18 წლისა გათხოვდა „გავლენიან ნარკობარონზე“, რომელიც მასზე 32 წლით უფროსია.

 

„ელ ჩაპო“ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ნარკობარონი და მექსიკური ნარკოკარტელის, „სინალოას“ ხელმძღვანელია, რომელიც აშშ-ში ნარკოტიკების ერთ-ერთ მთავარ მიმწოდებლად ითვლება. ის მექსიკაში 2016 წლის იანვარში დააკავეს, საიდანაც ის გვირაბის დახმარებით გაიქცა, თუმცა მოგვიანებით ის დააკავეს და აშშ-ს გადასცეს. 2019 წლის თებერვალში ის ბრალდების 10 მუხლით, მათ შორის ნარკოტიკების კონტრაბანდაში, იარაღით ვაჭრობასა და ფულის გათეთრებაში, დამნაშავედ ცნეს. ნიუ-იორკის ფედერალურმა სასამართლომ ნარკობარონ ხოაკინ გუსმანს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

 

 

big_banner
არქივი