logo_geo
ისრაელში, 5-11 წლის ბავშვების ვაქცინაციის კამპანიის დაწყებიდან დღემდე, სერიოზული გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა
- +

3 დეკემბერი. 2021. 13:21

 

 

 

ისრაელის ჯანდაცვის პროვაიდერების მონაცემებით, 5-11 წლის ბავშვების ვაქცინაციის კამპანიის დაწყებიდან დღემდე, სერიოზული გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროში, ისევე როგორც ჯანდაცვის ყველა იმ ორგანიზაციაში, რომელიც აცრებს ატარებს, აცხადებენ, რომ არ შემოსულა შეტყობინებები მნიშვნელოვანი პრობლემების შესახებ იმ ბავშვებში, რომლებსაც აცრა „Pfizer“-ის  ვაქცინით უტარდებათ.

 

რონი ფარბერმა განაცხადა, რომ ისრაელში ვაქცინირებული ბავშვების უმრავლესობას გვერდითი მოვლენები არ დაუფიქსირდა, თუმცა ელოდება, რომ უახლოეს დღეებში მეტი მონაცემები იქნება ხელმისაწვდომი.

 

„ზომიერი ცხელების რამდენიმე ცალკეული შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა, ეს ვაქცინის ნორმალური გვერდითი მოვლენაა“, - აღნიშნა მან.

 

22 ნოემბერს, ისრაელში, 5-11 წლის ბავშვების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა დაიწყო.

 

ისრაელში, 5-დან 11 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში 1.2 მილიონი ბავშვია. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ნოემბრისთვის აღნიშნულ ჯგუფზე ახალი შემთხვევების მესამედზე მეტი მოდიოდა. მეცნიერები და ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ქვეყანა კოლექტიურ იმუნიტეტს ვერ მიაღწევს, თუ ბავშვები არ აიცრებიან.

 

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებით, კორონავირუსით ინფიცირებული 3 500 ბავშვიდან ერთ ბავშვს მოგვიანებით მულტისისტემური ანთებითი სინდრომი უვითარდება.

 

11 ნოემბერს, ისრაელმა კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინის 5-11 წლის ბავშვებში გამოყენება დაამტკიცა.

 

კორონავირუსის საწინააღმდეგო „Pfizer“-ის ვაქცინა 5-11 წლის ბავშვებში კორონავირუსის წინააღმდეგ 90.7%-ით ეფექტურია. აღნიშნულ მონაცემებს კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევა ადასტურებს .

 

 

 

 

big_banner
არქივი