logo_geo
როგორ გაიგეს მაკრონის მშობლებმა, რომ მათი 16 წლის ვაჟი 40 წლის მასწავლებელს ხვდებოდა - რას ამხელს პრეზიდენტის ბიოგრაფი
- +

9 მაისი. 2017. 14:31



ემანუელ მაკრონი საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტია - ის 39 წლისაა. მაკრონი ჩრდილოეთ საფრანგეთში, ქალაქ ამიენში, ექიმების ოჯახში დაიბადა.


სკოლის წლები მომავალმა პრეზიდენტმა იეზუიტურ კერძო სკოლაში გაატარა. პოლიტიკა მაკრონის მთავარი მიზანი არასდროს ყოფილა - ის მწერლობაზე ოცნებობდა, წერდა ლექსებსა და რომანებს ესპანელ კონკისტადორებზე. სკოლის დამთავრების მერე მაკრონმა სწავლა ფილოსოფიის ფაკულტეტზე გააგრძელა, პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტში კი პოლიტოლოგიაში მაგისტრის ხარისხი აიღო.


ემანუელ მაკრონის ახალ ბიოგრაფიულ წიგნში, რომელიც ანნე ფულდამ დაწერა, საუბარია იმაზე, თუ რა შოკი მიიღეს მშობლებმა, როცა 16 წლის ვაჟისა და 24 წლით უფროსი, დაქორწინებული მასწავლებლის ურთიერთობის შესახებ შეიტყვეს.


მომავალი პრეზიდენტი 15 წლის იყო, როდესაც მომავალ მეუღლეს, 39 წლის ბრიჯიტ ტრონიეს ლა პროვიდენსის სკოლაში შეხვდა. მაკრონის ბიოგრაფმა, ანნე ფულდამ მისი მშობლები ამ სკანდალური რომანის შესახებ აალაპარაკა. როგორც მათ გაამხილეს, თავდაპირველად ეგონათ, რომ მათი შვილი მასწავლებლის შვილს ხვდებოდა, სანამ ოჯახის მეგობარმა სიმართლე არ უთხრა. შოკირებულმა მშობლებმა რადიკალური გადაწყვეტილება მიიღეს - არასრულწლოვანი შვილი სკოლიდან გამოიყვანეს.


„ვერ დავიჯერეთ. რასაკვირველია. მაშინ, როდესაც ემანუელი ბრიჯიტს შეხვდა, ვერ მოგვეწონებოდა ეს გადაწყვეტილება", - ამბობს ემანუელის დედა ფრანსუაზა. პრეზიდენტის მამის, ჟან მიშელ მაკრონის თქმით, როცა ეს ამბავი გაიგო, „ლამის სკამიდან გადმოვარდა". შეშფოთებული მშობლები შეხვდნენ ბრიჯიტს და სთხოვეს, მათი შვილისგან თავი შორს დაეჭირა, რაზეც ქალმა უპასუხა, რომ ვერაფერს დაჰპირდებოდა.


საფრანგეთის პირველმა ლედიმ ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ მაკრონი 17 წლის ასაკში შეჰპირდა ცოლად შერთვას. „თავიდან ვერ მომიშორებ, დავბრუნდები და ცოლად მოგიყვან, ასე განმიცხადა", - იხსენებს ბრიჯიტი.


საბოლოოდ, წყვილი 2007 წელს დაქორწინდა, როდესაც მაკრონი 29 წლის, ბრიჯიტი კი 53 წლის იყო. თავის სამ გერს, ბრიჯიტის შვილებს ქორწინებისას ემანუელმა მადლობა გადაუხადა, რომ მათი „არც ისე ჩვეულებრივი წყვილი მიიღეს".



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი