logo_geo
ყაზახეთის ქალაქ ალმათიში, საოლქო ადმინისტრაციაში დემონსტრანტები შეიჭრნენ
- +

5 იანვარი. 2022. 14:52

 

ყაზახეთის ქალაქ ალმათიში, საოლქო ადმინისტრაციაში დემონსტრანტები შეიჭრნენ. როგორც „რადიო თავისუფლების“ ყაზახეთის ბიურო იტყობინება, შენობას ცეცხლი უკიდია.

 

მედიასაშუალების ცნობით, ათასობით დემონსტრანტმა, რომელთა ნაწილს რეზინის ხელკეტები, ჯოხები და ფარები აქვს, რესპუბლიკის მოედანზე პოლიციის კორდონი გაარღვიეს და საოლქო ადმინისტრაციის შენობის შტურმი დაიწყო. ძალოვანებმა მათ წინააღმდეგ ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა შენობის კარი შეანგრიეს და ფანჯრები ჩაამსხვრიეს, რის შემდეგაც შენობის რამდენიმე სართულზე განთავსდნენ. უცნობია, იმყოფებიან თუ არა საოლქო ადმინისტრაციაში სამართალდამცველები.

 

შეგახსენებთ, ყაზახეთის დასავლეთ ნაწილში აქციები 2 იანვარს დაიწყო. მომიტინგეები თავდაპირველად გათხევადებული აირის მოულოდნელ გაძვირებას აპროტესტებდნენ. მოგვიანებით მათ მთავრობის გადადგომა და ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის პოლიტიკიდან წასვლა მოითხოვეს.

 

ყაზახეთის პრეზიდენტმა მთავრობის გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო და გამოვიდა წინადადებით, რომ მომდევნო 180 დღის განმავლობაში კომუნალურ სერვისებზე გადასახადები არ გაიზრდება. მიუხედავად ამისა, აქციები ყაზახეთის სხვადასხვა ქალაქში ამ დრომდე გრძელდება. ალმათის ოლქში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი და მოქმედებს კომენდანტის საათი.

 

 

big_banner
არქივი