logo_geo
დმიტრო კულება: დასავლეთი რუსეთს ნატოს არაგაფართოების საკითხზე იურიდიულ გარანტიებს არ მისცემს
- +

11 იანვარი. 2022. 20:23

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება მიიჩნევს, რომ დასავლეთი რუსეთს ნატოს არაგაფართოების საკითხზე იურიდიულ გარანტიებს არ მისცემს.

 

„კოლექტიური დასავლეთი არ წავა იმაზე, რომ რუსეთს იურიდიული გარანტიები მისცეს ნატოს აღმოსავლეთით არაგაფართოების საკითხზე, ვინაიდან ეს დასავლეთის სტრატეგიული დამარცხება იქნება“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

დმიტრო კულებას თქმით, რუსეთს უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხზე ვეტოს უფლება არ აქვს.

 

„ეს წითელი ხაზია, რომელსაც არც უკრაინა და არც ჩვენი პარტნიორები არ გადაკვეთენ“, - აღნიშნა მან.

 

10 იანვარს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა ჟენევაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ვენდი შერმანთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთს რკინაბეტონის გარანტიები სჭირდება, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები არ გახდებიან.

 

თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვენდი შერმანმა აღნიშნა, რომ აშშ ნატოში ახალი წევრების მიღებაზე შეზღუდვებს არ ეთანხმება.

 

„არავის მივცემთ ნატოს ღია კარის პოლიტიკის შეწყვეტის უფლებას, რომელიც ალიანსისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო“, - აღნიშნა ვენდი შერმანმა.

 

 

big_banner
არქივი