logo_geo
კანადაში, კვებეკის პროვინციის ხელისუფლება იმ პირებისთვის, რომლებიც ვაქცინაციაზე უარს ამბობენ, გადასახადის დაწესებას განიხილავს
- +

12 იანვარი. 2022. 13:54

 

 

კანადაში, კვებეკის პროვინციის ხელისუფლება იმ პირებისთვის, რომლებიც ვაქცინაციაზე უარს ამბობენ, გადასახადის დაწესების შესაძლებლობას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

 

საუბარია ე.წ. ჯანმრთელობის შენატანზე, რომელსაც ის ზრდასრულები გადაიხდიან, რომლებიც ვაქცინაციაზე უარს ამბობენ.

 

კვებეკის პროვინციის პრემიერმა, ფრანსუა ლეგომ განაცხადა, რომ წინადადება, რომლის დეტალები ჯერ კიდევ მუშავდება, არ გავრცელდება მათზე, ვინც ვერ ახერხებს ვაქცინაციას სამედიცინო მიზეზების გამო.

 

ფრანსუა ლეგოს თქმით, არავაქცინირებული ადამიანები ფინანსურ ტვირთად აწვებიან სხვებს და პროვინციის ფინანსთა სამინისტრო მნიშვნელოვან თანხას დაადგენს, რომლის გადახდაც არავაქცინირებულ პირებს მოუწევთ.

 

კვებეკის პროვინციის პრემიერმა დააზუსტა, რომ აღნიშნული თანხა 100 კანადურ დოლარზე (79.50 აშშ დოლარი) ნაკლები არ იქნება.

 

„ვაქცინა ვირუსთან ბრძოლის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. სწორედ ამიტომ გვსურს ჯანმრთელობის შენატანი დავაწესოთ იმ ზრდასრულთათვის, რომლებიც უარს ამბობენ ვაქცინაციაზე არასამედიცინო მიზეზების გამო“, - აღნიშნა ფრანსუა ლეგომ.

 

აღსანიშნავია, რომ კვებეკის პროვინციაში მოსახლეობის 10% ვაქცინირებული არ არის.

 

 

big_banner
არქივი