logo_geo
აშშ-ის სენატის კანონპროექტის თანახმად, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, პერსონალური სანქციები ვლადიმერ პუტინსაც დაუწესდება
- +

12 იანვარი. 2022. 21:38

 

 

აშშ-ის სენატმა სანქციების შესახებ კანონპროექტი გამოაქვეყნა, რომელიც უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთის წინააღმდეგ დაწესდება. კანონპროექტი სანქციების ვლადიმერ პუტინისთვისაც დაწესებას ითვალისწინებს.

 

კანონპროექტის თანახმად, სანქციები არა მხოლოდ რუსეთის უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის შემთხვევაში, არამედ მოსკოვისა და მის მიერ კონტროლირებადი ძალების მხრიდან შემდგომი ესკალაციის შემთხვევაშიც შეიძლება დაწესდეს.

 

იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, სასანქციო სიაში რუსეთის პრეზიდენტი, რუსეთის პრემიერ-მინისტრი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები შეიძლება მოხვდნენ. სანქციები ქონების დაბლოკვასა და აშშ-ში შესვლის აკრძალვას ითვალისწინებს.

 

კანონპროექტის თანახმად, აშშ-ის ხელისუფლებამ ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვიდან იმ პირებისა და კომპანიების სია უნდა განსაზღვროს, რომლებსაც სანქციები დაუწესდებათ.

 

გარდა ამისა, კანონის მიღებიდან 180 დღეში, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა, სახელმწიფო დეპარტამენტმა და ეროვნული დაზვერვის სამსახურმა დეტალური ანგარიში უნდა გამოაქვეყნონ ვლადიმერ პუტინის, მისი ახლობლებისა და ახლო გარემოცვის ქონების შესახებ.

 

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს უკრაინისთვის 500 მილიონი დოლარის დახმარების გაწევას.

 

 

big_banner
არქივი