logo_geo
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: ნატოს გაფართოების პროცესს თან ახლავს რუსეთისთვის მიუღებელი რისკები
- +

12 იანვარი. 2022. 21:39

 

 

ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე გრუშკომ განაცხადა, რომ ნატოს გაფართოების პროცესს თან ახლავს რუსეთისთვის მიუღებელი რისკები, რომელსაც მოსკოვი შეეწინააღმდეგება.

 

„ალიანსის გაფართოების პროცესი ის ფაქტორია, რომელიც სერიოზულად ახდენს გავლენას ევროპაში უსაფრთხოების გაუარესებაზე. შეგახსენებთ, რომ 1997 წელს ნატოს კარებზე მხოლოდ ერთი ქვეყანა აკაკუნებდა, რომელსაც რუსეთთან საერთო საზღვარი აქვს. ეს პოლონეთია. დღეს ნატოს შემადგენლობაში უამრავი ქვეყანა შედის და მათი ტერიტორია რუსეთის მიმართულებით ძალის პროექციისთვის გამოიყენება. ეს სერიოზულად აუარესებს ჩვენს უსაფრთხოებას და მიუღებელ რისკებს ქმნის, რომელსაც შევეწინააღმდეგებით“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

 

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატო კომპრომისზე არ წავა ისეთ საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა თითოეული ქვეყნის უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი გზა.

 

თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვენდი შერმანმა აღნიშნა, რომ ნატოს მოკავშირეებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი მნიშვნელოვან საერთაშორისო პრინციპს, რომ ყველა ქვეყანას საგარეო პოლიტიკის საკუთარი ორიენტაციის არჩევა უნდა შეეძლოს.

 

 

big_banner
არქივი