logo_geo
სტივენ ჰოკინგი: კაცობრიობას დედამიწის დასატოვებლად მხოლოდ 100 წელი აქვს! ჩვენი დღეები დათვლილია!
- +

11 მაისი. 2017. 02:27



გასული წლის ბოლოს, სტივენ ჰოკინგმა დედამიწას 1000-წლიანი წამზომი ჩაურთო. თუმცა ახლა, ეს პერიოდი მას 100 წლამდე ჩამოჰყავს. სახელგანთქმული ფიზიკოსის ვარაუდით, კაცობრიობას მხოლოდ ერთი საუკუნე აქვს დედამიწის დასატოვებლად და მულტიპლანეტურ სახეობად გადასაქცევად.


დედამიწიდან გაქცევა


გასულ საუკუნეში, კაცობრიობამ მრავალი რევოლუციური ტექნოლოგია შექმნა. ვისწავლეთ ფრენა (სულ მცირე, თვითმფრინავის დახმარებით), ავაგეთ უზარმაზარი მანქანები, დავამარცხეთ მრავალი დაავადება, შევქმენით კომპიუტერები, ინტერნეტი და ჭკვიანი მოწყობილობები. მაგრამ ამავე დროს, დიდი წვლილი შევიტანეთ განადგურებაშიც: მრავალი ომი, მათ შორის ორი მსოფლიო ომი, უფრო ბოლო დროს კი - ადამიანები კლიმატის ცვლილების გამომწვევი მიზეზი გახდნენ. ამ ყველაფრის შემდეგ, ცნობილი ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი ფიქრობს, რომ მხოლოდ 100 წელი დაგვრჩა საშინელ დღემდე, რომლის დადგომამდეც დედამიწა დიდი ხნით ადრე უნდა დავტოვოთ.


ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ჰოკინგი აპოკალიფსს წინასწარმეტყველებს. ბოლო წლებში, იგი გვაფრთხილებდა თუ როგორ მოუღებდა ბოლოს კაცობრიობას სუპერ-ხელოვნური ინტელექტი და რამდენად საშიში იქნებოდა ჩვენთვის არამიწიერ ცივილიზიასთან კონტაქტი. ამის შემდეგ, გასული წლის ნოემბერში, ჰოკინგმა განაცხადა, რომ დედამიწის დასატოვებლად 1000 წელი გვქონდა დარჩენილი. ამჯერად, ის ამ პერიოდს 100 წლამდე ამცირებს, რითაც მიგვანიშნებს თუ რამდენად ცუდი იყო გასული ექვსი თვე, რომ 1000 წელიწადი დრამატულად, 900 წლით შეემცირებინა.


ჰოკინგის ბოლო, აპოკალიფსური გაფრთხილების დეტალები წარმოდგენილი იქნება BBC-ის ახალ დოკუმენტურ ფილმში Expedition New Earth, რომელიც 15 ივნისს გამოვა. ფილმში ჰოკინგი გვთავაზობს, რომ გადარჩენის მიზნით, მომდევნო საუკუნის განმავლობაში, ადამიანი  აუცილებლად უნდა გახდეს მულტიპლანეტური სახეობა.


ჩვენი დღეები დათვლილია


როგორც ჰოკინგი განმარტავს, კლიმატის ცვლილების, ასტეროიდთა საფრთხის, ეპიდემიებისა და ჭარბმოსახლეობის გამო, ადამიანის დღეები დედამიწაზე უკვე დათვლილია. გადარჩენის ერთადერთი გზა? საჭიროა შევცვალოთ პლანეტა, თანაც ძალიან სწრაფად. 100 წელიწადში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს; უკვე დავამტკიცეთ, რომ ერთ საუკუნეში შეგვძილია აღმოვაჩინოთ და გამოვიგონოთ ძალიან ბევრი რამ. თუმცა, ნამდვილად შეგვწევს თუ არა უნარი, დროის ამ მონაკვეთში მულტიპლანეტურ სახეობადაც ვიქცეთ?


ასე ფიქრობს კომპანია Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი ელონ მასკი; მას უკვე შესაბამისი გეგმაც აქვს, თუ როგორ მიაღწიოს ამ მიზანს. მისი აზრით, კაცობრიობის შემდეგი დანიშნულების ადგილი პლანეტა მარსია. წითელი პლანეტა არც ისე ახლოსაა, მაგრამ არც ძალიან შორს. მასკი ადამიანთა მარსზე წაყვანას 2025 წლისთვის ფიქრობს, პირველი კოლონიის დაარსებას კი 2033 წლისთვის გეგმავს. ეს ყველაფერი ჰოკინგის მიერ მოცემული ვადის ფარგლებში ჯდება. მიუხედავად ამისა, მარსზე მიღწევასა და სტაბილური საცხოვრებლის შექმნას, შესაძლოა სულ მცირე რამდენიმე ათწლეულით მეტი დასჭირდეს. საბედნიეროდ, აღნიშნულ გეგმაზე სხვა გიგანტებიც მუშაობენ: მარსზე ადამიანთა ჩაყვანის გეგმა უკვე აქვს NASA-ს; წითელი პლანეტის მისიაზე აქტიურად მუშაობს ჩინეთიც.


 

 

big_banner
არქივი