logo_geo
უკრაინის პროკურატურა პეტრო პოროშენკოს 2 თვით დაპატიმრებას ან 35 მილიონი დოლარის ოდენობის გირაოს დაწესებას ითხოვს
- +

17 იანვარი. 2022. 19:53

 

კიევის პეჩორის რაიონული სასამართლო სახელმწიფო ღალატის ბრალდების საქმეზე უკრაინის ყოფილი პრეზიდენტისთვის, პეტრო პოროშენკოსთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

 

უკრაინის პროკურატურა პეტრო პოროშენკოს 2 თვით დაპატიმრებას ან 35 მილიონი დოლარის (მილიარდი გრივნა) ოდენობის გირაოს დაწესებას ითხოვს.

 

გარდა ამისა, პროკურატურა სასამართლოს თხოვს, პეტრო პოროშენკოს ყველა პასპორტის ჩაბარება დაავალოს და გირაოს შეტანის შემთხვევაში, ელექტრონული სამაჯურის ტარება დაუწესოს.

 

პეტრო პოროშენკო პოლონეთიდან უკრაინაში დღეს დაბრუნდა და აეროპორტიდან სასამართლო დარბაზში მივიდა.

 

„15 წუთის განმავლობაში სამართალდამცველები არაკანონიერად ცდილობდნენ უკრაინაში ჩემი შესვლა არ დაეშვათ. ჩემს პასპორტს 15 წუთის განმავლობაში ამოწმებდნენ, რათა უკრაინაში არ შევსულიყავი. ასე ეშინიათ ჩვენი“, - აღნიშნა პეტრო პოროშენკომ.

 

უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს განცხადებით, პეტრო პოროშენკო ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობასა და სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი. 19 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ყოფილი პრეზიდენტისთვის დაკითხვაზე დაბარების უწყების გადაცემა სცადეს, პეტრო პოროშენკომ უკრაინა დატოვა.

 

 

big_banner
არქივი