logo_geo
გამოძიება: რომის პაპმა ბენედიქტემ პედოფილი-მღვდლების შესახებ იცოდა, მაგრამ არაფერი მოიმოქმედა
- +

21 იანვარი. 2022. 00:30

 

 

რომის ყოფილმა პაპმა ბენედიქტე მე-16-ემ იცოდა, რომ მისი ეპარქიის მღვდლები ბავშვებს სექსუალურად ავიწროებდნენ, მაგრამ არანაირი ზომა არ მიუღია. ამის შესახებ BBC კათოლიკური ეკლესიის შეკვეთით ჩატარებული გამოძიების შედეგებზე დაყრდნობით წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, გამოძიება გერმანულმა იურიდიულმა ფირმამ Westpfahl Spilker Wastl ჩაატარა. საუბარია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 4 შემთხვევაზე 1977-1982 წლებში, როდესაც იოზეფ რატცინგერი (ასე ერქვა ბენედიქტეს პაპად არჩევამდე) მიუნხენის არქიეპისკოპოსი იყო. ყოფილი პაპი აცხადებს, რომ მან ბავშვებზე ძალადობის შესახებ არაფერი იცოდა, თუმცა გამოძიების საბუთებში არის პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც, ბენედიქტე ესწრებოდა შეხვედრას, რომელზეც ძალადობის შემთხვევებს განიხილავდნენ.

 

გამოძიების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ვატიკანში განაცხადეს, რომ ყველა დეტალს შეისწავლიან და ძალადობის მსხვერპლებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

 

ბენედიქტე მე-16, რომელიც ახლა 94 წლისაა, პირველი პონტიფექსია, რომელმაც თანამდებობა დატოვა. 2013 წელს მან კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა, მიზეზად კი დაღლილობა დაასახელა. მას შემდეგ ის ვატიკანში ცხოვრობს და ცნობილია როგორც „საპატიო პაპი“.

 

გერმანულ ეკლესიაში სექსუალურ შევიწროებაზე მანამდე ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ 1946-2014 წლებში სასულიერო პირების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი 3600 ადამიანზე მეტი გახდა.

 

 

 

big_banner
არქივი