ფრანგი მოგზაური, თავგადასავლების მაძიებელი ჟან-ჟაკ სავენი 75 წლისა გარდაიცვალა, - ამის შესახებ CNN წერს.
„ძალიან ვწუხვართ, ახლა გავიგეთ, რომ ჩვენი მეგობარი ჟან-ჟაკი გარდაიცვალა. მისი უსიცოცხლო ცხედარი თავის კანოეში (l'Audacieux) იპოვეს“, - დაწერეს მოგზაურის მხარდამჭერთა Facebook-გვერდზე.
სავენი 1 იანვარს, სამხრეთ-დასავლეთ პორტუგალიიდან აზორის კუნძულებისკენ, ქალაქ პონტა-დელგადასკენ გაემგზავრა, 21 იანვარს კი, მასთან კონტაქტი შეწყდა.
პორტუგალიის საზღვაო სამსახურმა მოგზაურის ცხედარი გადაბრუნებული ნავის ქვეშ აღმოაჩინა.
„სამწუხაროდ, ამჯერად, ოკეანე უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე - ჩვენი მეგობარი, რომელსაც ნაოსნობა და ზღვა ძალიან უყვარდა“, - აღნიშნულია Facebook-პოსტში.
სავენისთვის სახიფათო თავგადასავლები უცხო არ ყოფილა. 2019 წელს მან ატლანტის ოკეანე გიგანტური კასრით გადაცურა. იქამდე, ის სამხედრო დესანტი და კერძო პილოტი იყო. 2015 წელს მონბლანი დალაშქრა.