logo_geo
ვენდი შერმანი: იმის ყველა ნიშანი არსებობს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას თებერვლის შუა რიცხვებამდე აპირებს
- +

26 იანვარი. 2022. 21:03

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვენდი შერმანმა განაცხადა, რომ იმის ყველა ნიშანი არსებობს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას თებერვლის შუა რიცხვებამდე აპირებს.

 

„არ ვიცი, რაზე ფიქრობს პუტინი, თუმცა ვიცი, რომ უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო დანაყოფების კონცენტრაციის გეგმები არსებობს. ვფიქრობ, პრეზიდენტ პუტინს სხვა გეგმებიც აქვს. არ ვიცი, მიიღო თუ არა მან საბოლოო გადაწყვეტილება, თუმცა ჩვენ იმის ყველა ნიშანს ვხედავთ, რომ ის რაღაც დროში ძალის გამოყენებას აპირებს: ახლა ან შესაძლოა, თებერვლის შუა რიცხვებში“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

 

24 იანვარს, პენტაგონში განაცხადეს, რომ თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა 8 500-მდე ჯარისკაცი გაძლიერებულ მზადყოფნაში მოიყვანა, რათა საჭიროების შემთხვევაში, ევროპაში გადასროლისთვის მზად იყვნენ.

 

უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს აგზავნის. ევროკავშირი მზად არის, რუსეთს აქამდე არნახული ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ ის უკრაინას თავს დაესხმება.

 

რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარების დაგროვებამ დასავლეთის შეშფოთება გამოიწვია, რომ რუსეთი უკრაინაში შეიძლება შეიჭრას. სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, დასავლეთი კრემლს მასშტაბური ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებს.

 

 

big_banner
არქივი