logo_geo
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: თუ ინვესტორებს უკრაინაში არასტაბილური სიტუაციის შეგრძნება ექნებათ, მათი მხრიდან ინვესტირების მზადყოფნა შემცირდება - ეს ზუსტად ის არის, რაც პუტინს აწყობს
- +

28 იანვარი. 2022. 13:48

 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა დაადასტურა, რომ უკრაინაში გერმანიის საელჩოს პერსონალი ამჟამად კიევში რჩება.

 

„რა თქმა უნდა, ჩვენ მუდმივად ვამოწმებთ უსაფრთხოების დონეს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, მათ შორის უკრაინაში“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

ანალენა ბერბოკის თქმით, გერმანიამ გადაწყვეტილება მიიღო, უკრაინაში საელჩოს პერსონალი არ შეამციროს, ხოლო სურვილის შემთხვევაში, საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრებს გერმანიაში დაბრუნება შეუძლიათ.

 

„ახლა მნიშვნელოვანია უკრაინის დესტაბილიზაცია არ მოვახდინოთ. თუ ინვესტორებს უკრაინაში გაურკვეველი ან არასტაბილური სიტუაციის შეგრძნება ექნებათ, მათი მხრიდან ინვესტირების მზადყოფნა შემცირდება. ეს ზუსტად ის არის, რაც პუტინს აწყობს“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 

უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს აგზავნის. ევროკავშირი მზად არის, რუსეთს აქამდე არნახული ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ ის უკრაინას თავს დაესხმება.

 

 

big_banner
არქივი