logo_geo
იტალიის ერთ-ერთი სოფლის მერი 2000 ევროს სთავაზობს ყველას, ვინც მათთან დასახლდება
- +

14 მაისი. 2017. 23:08



გსურთ ახალი ცხოვრების დაწყება ახალ ადგილას? წარმოიდგინეთ იდილიური პატარა სოფელი, რომელიც ლიგურიის მთიან რეგიონშია განლაგებული. სოფელ ბორმიდას მერი 2000 ევროს სთავაზობს თითოეულ ადამიანს, ვინც აქ დასახლდება. ახალ მაცხოვრებლებს შეეძლებათ, ბინა კვირაში სულ რაღაც 12,5 ევროდ დაიქირავონ.


სოფელი ბორმიდა სავონას პროვინციაში მდებარეობს, იტალიის ჩრდილო-დასავლეთში, გეუიდან დაახლოებით 80 კილომეტრში. მთიანი სოფლის მახლობლად ზღვაც არის, ამიტომ, ჰაერი ძალიან სუფთაა.


სოფელი ჯერ კიდევ შუასაუკუნეებში დაარსდა და თავს უძველესი არქიტექტურითა და საოცარი ხედებით იწონებს. თუმცა, ამჟამად ეს იდილიური დასახლება მხოლოდ 394 ადამიანს ითვლის, ამის მიზეზი კი უმუშევრობაა: უამრავი ადგილობრივი გაემგზავრა სხვა რეგიონებში, სამსახურის საძებნელად.


ბორმიდაში ახალი მაცხოვრებლების მოსაზიდად, კომუნის მერმა, დანიელე გალიანომ, ფულადი კომპენსაციის დანიშნვა გადაწყვიტა ყველასთვის, ვინც სოფელში დასახლდება. თავისი ინიციატივა მან Facebook-გვერდზე განათავსა. „თუ ჩვენს კომუნაში სამუდამოდ გადმოხვალთ საცხოვრებლად, 2000 ევროს გადაგიხდით".


მიუხედავად იმისა, რომ სოფელში თითქმის არავინ დარჩა, აქ 4 რესტორანი, ბიბლიოთეკა, ფოსტა, მაღაზია, საოჯახო სასტუმრო და აფთიაქი ფუნქციონირებს, ექიმი კი კვირაში 3-ჯერ ჩამოდის.


მეზობელ ქალაქში, ბორმიდადან 20 კილომეტრში, მიშლენის კატეგორიის პოპულარული რესტორანი Locanda dell'Angelo მდებარეობს.


გარდა ამისა, სოფელში დასახლების მსურველებს ერთი მნიშვნელოვანი ბონუსი ელით: კარგი საცხოვრებლის ქირაობა თვეში 50-120 ევროდ.


მაგალითისთვის, ერთ-ერთი შემოთავაზება: კეთილმოწყობილი სახლი 4 საძინებლით, სამზარეულოთი, სარდაფით, ავტოფარეხით და სხვენით - სულ რაღაც 50 ევროდ ქირავდება.


მერის შემოთავაზებით ათობით ადამიანი დაინტერესდა: აქ დასახლება უკვე მოისურვეს დანიელებმა, ინდოელებმა, ამერიკელებმა, ინგლისელებმა და ინდონეზიელებმა. ამასთან, სამუშაოს არქონა მათ არც ადარდებთ. ბევრ მათგანს დისტანციურად შეეძლება მუშაობა, ამიტომ აინტერესებთ, არის თუ არა სოფელში ინტერნეტი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი