logo_geo
მარიო დრაგი: გერმანიამ რუსეთს გაზის საფასური რუბლით გადაუხადა, არავის უთქვამს, რუბლით გადახდები დაარღვევს თუ არა სანქციებს, ასეთი რუხი ზონაა
- +

12 მაისი. 2022. 15:54

 

 

რუსული გაზის უმსხვილესმა იმპორტიორმა გერმანიაში უკვე გადაიხადა ბუნებრივი აირის საფასური რუბლით, – „დოიჩე ველეს“ ცნობით, ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა.

 

„მტკიცებულება, რომელიც ჩვენ ვნახეთ, გვიჩვენებს, რომ გერმანიაში გაზის უმსხვილესმა იმპორტიორმა საფასური რუბლებში უკვე გადაიხადა“, – განაცხადა დრაგიმ.

 

იტალიის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპულ კომპანიებს შეეძლებათ რუსული გაზის საფასურის გადახდა რუბლებში ისე, რომ არ დაარღვიონ ევროკავშირის მიერ უკრაინაში ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები.

 

„არ არსებობს ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, კონკრეტულად რა ჩაითვლება სანქციების დარღვევად. არავის უთქვამს, რუბლით გადახდები დაარღვევს თუ არა სანქციებს. ეს ასეთი რუხი ზონაა“, – აღნიშნა დრაგიმ.

 

ამავდროულად, „დოიჩე ველეს“ ცნობით, გერმანული კომპანია „Uniper SE“-ის წარმომადგენელმა, რომელიც გერმანიაში რუსული გაზის უმსხვილესი მყიდველია, განაცხადა, რომ კომპანიას ახალი სქემით არანაირი გადახდა არ განუხორციელებია, რადგან გადახდის ვადა მხოლოდ მაისის ბოლოს იწურება.

 

მანამდე „Uniper“-ში განაცხადეს, რომ კომპანია შეძლებს გაზის მიწოდების შენარჩუნებას სანქციების დარღვევის გარეშე. ამავდროულად კომპანიის წარმომადგენელმა უარი განაცხადა კომენტარის გაკეთებაზე, გახსნა თუ არა „Uniper“-მა რუბლის ანგარიში „გაზპრომბანკში“.

 

 

big_banner
არქივი